ბიზნეს სექტორის რომელ დარგებშია ყველაზე მეტი ადამიანი დასაქმებული

2019 წლის მე-3 კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 696 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.6 პროცენტით აღემატება.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.9 პროცენტი ქალი, ხოლო 59.1 პროცენტი - კაცია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36.3 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.2 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41.5 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. ამასთან, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 652.2 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 3.9 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 632.6 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.9 პროცენტით მეტი).

„2019 წლის მე-3 კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 26.2 პროცენტი, 12.9 პროცენტი და 10.3 პროცენტიანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების (10.3 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5.8 პროცენტი),“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის მე-3 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33 პროცენტით გაიზარდა და 29 მილიარდი ლარი შეადგინა.

თაია არდოტელი