ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 130.1 მლნ დოლარი შეადგინა

2014 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 130.1 მლნ აშშ დოლარი (225.1 მლნ ლარი) შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს 1.2 მლნ აშშ დოლარით (2.0 მლნ ლარით), ანუ 0.9 პროცენტით მეტია 2013 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. მათივე განმარტებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.1 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1.5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 92.4 პროცენტი მოდიოდა.

უფრო კონკრეტულად, ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით ქვეყნების სტატისტიკური მაჩვენებელი ასეთია: რუსეთი, საბერძნეთი, იტალია, აშშ, თურქეთი, ესპანეთი, უკრაინა, ისრაელი, გერმანია, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და სხვა ქვეყნები.

გარდა ამისა, ოფიციალური ინფორმაციით, 2014 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.6 მლნ აშშ დოლარი (25.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 13.5 მლნ აშშ დოლარს (22.4 მლნ ლარს) შეადგენდა.