საქართველოში ხანშიშესულებისთვის განკუთვნილი თავშესაფრები სრულად შევსებულია და საკუთარ რიგს ასეულობით ხანდაზმული ელოდება. ადგილები ძირითადად იმ შემთხვევაში თავისუფლდება, თუ ბენეფიციარი დაწესებულებას საკუთარი სურვილით დატოვებს ან - გარდაიცვლება.
ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე 15 პანსიონატია. აქედან ორი დიდი დაწესებულება თბილისსა და ქუთაისში ფუნქციონირებს, ხოლო 13 სათემო, ე.წ.კერძო სახლის ტიპის თავშესაფარი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშია. მათ გარდა, არსებობს კერძო საოჯახო ტიპის თავშესაფრებიც.
ფასიან პანსიონატებში ხანდაზმულის ერთთვიანი ცხოვრება საშუალოდ 500-700 ლარამდე ჯდება. ფასს მოხუცის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაზღვრავს. ყოველთვიურ გადასახადში სამჯერადი კვება, ხანდაზმულის მოვლა და პირველადი სამედიცინო მომსახურება შედის.
მოქმედი კანონმდებლობით, თავშესაფრის მოთხოვნა შეუძლიათ 60 წელს გადაცილებულ ქალებს, მამაკაცებს კი - 65 წლის ასაკიდან. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პროგრამების სამმართველოს ხელმძღვანელი, თამარ გოცაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ გაცემული დაფინანსების ოდენობა, დამოკიდებულია თავშესაფრის მაძიებლის სოციალურ მდგომარეობაზე, სოციალური ქულების შესაბამისად. სახელმწიფოს მიერ გაცემული დაფინანსება დღეში მინიმუმ 12 ლარს, ხოლო მაქსიმუმ 20 ლარს შეადგენს.
"ოქტომბრის მდგომარეობით ჩვენს სათემო მომსახურებას იღებდა 113 მოხუცებული. თავშესაფარში მოხვედრას ელოდება 20 ადამიანი და ვფიქრობთ, რომ მაქსიმუმ ორ თვეში ჩავრთავთ ამ პროგრამაში. საჭიროა ადგილები გათავისუფლდეს. იმისათვის, რომ ხანდაზმულმა ეს მომსახურება მიიღოს, უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს, მიაკითხავს სოციალური მუშაკი, შეაფასებს მის საჭიროებას და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.
წელს „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვებზე ზრუნვის პროგრამის“ ფარგლებში 300 ბენეფიციარზეა სათემო მომსახურება გათვალისწინებული, ეს არის ამ წლის ლიმიტი. საქართველოში არის ორი დიდი ზომის მოხუცთა თავშესაფარი, რომლის ადმინისტრირებასაც ტრეფიკინგის ფონდი ახორციელებს და სრულად აფინანსებს სახელმწიფო.
დანარჩენი დაწესებულებები შედარებით მცირე ზომისაა, 24 ბენეფიციარზე გათვლილი. მომართვიანობა დაბალი არ არის. წლის დასაწყისში 70-მდე ბენეფიციარი გვყავდა რიგში, დავამატეთ ადგილები და შევძელით მათი გადანაწილება. ხშირია შემთხვევები, როდესაც მსურველთა 70% ბოლოს უარს ამბობს პროგრამაში ჩარიცხვაზე" - აცხადებს თამარ გოცაძე.
კერძო პანსიონატების მფლობელები ამბობენ, რომ ეს საქმიანობა, როგორც ბიზნესი, საქართველოში ჯერჯერობით ვერ შედგა. განსხვავებით ევროპული ქვეყნებისგან, სადაც მოხუცთა პენსიასთან ერთად საზოგადოების ცნობიერების დონეც მაღალია, საქართველოში მოხუცთა სახლის შემოსავლის წყაროდ ქცევა შეუძლებელი გახდა, რადგანაც აქ მარტოხელა მოხუცი, საკუთარი შემოსავლით ვერ შეძლებს ჰქონდეს უზრუნველყოფილი სიბერე.
მოხუცებულთა და შშმ პირთა პანსიონატის „ჩემი ოჯახის“ მეპატრონე მაია ახალაძე ამბობს, რომ თავიდან მისი ორგანიზაცია კერძო იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც მათ არსებობას საფრთხე შეექმნა, სახელმწიფო დაფინანსებას შეუერთდნენ:
"ამ საქმეს 2005 წლიდან ვემსახურებით. 2013 წლამდე კერძო იყო, ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებას ვიღებთ. ეს არის საოჯახო ტიპის პანსიონატი და შვიდ ხანდაზმულს ვემსახურებით. ამჟამად გვყავს ხუთი ბენეფიციარი, ორი გარდაიცვალა. აქაურ ცხოვრებას აქვს წესები, რა თქმა უნდა. ისინი მუდმივად აქ ცხოვრობენ, აქვთ დღის მანძილზე გასვლის, გასეირნების საშუალება, შეუძლიათ წელიწადში 20 დღე დატოვონ დაწესებულება, წავიდნენ ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან.