„მინიატურული ბაღები“ და მინის ჭურჭელში ჩატეული ბუნება - „ჩემს პროფესიას ამ ბიზნესით დავუბრუნდი“

პროფესიით ლადშაფტის დიზაინერია, თუმცა თითქმის 28 წელიწადია, რაც ამ სპეციალობით არ უმუშავია. ჯერ იყო აფხაზეთის ომი, მერე ემიგრაცია, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნებულმა სხვა საქმიანობას მიჰყო ხელი. 2019 წლის გაზაფხულზე კი შვილიშვილების სანდროსა და ნიკას მიერ დედის დღეზე გაკეთებული საჩუქრის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ პროფესიას დაბრუნებოდა, თუმცა განსხვავებულად. მზია ჯახაიამ ბაღების მინის ჭურჭელში შექმნა დაიწყო და გაჩნდა ბრენდი Roch & Flowers როკ ენდ ფლაუერსი. დღეს მის ნამუშევრებს თბილისის პავილიონშიც შეხვდებით.

„აფხაზეთიდან ვარ. იქ ჩემი პროფესიით ვმუშაობდი, მაგრამ ომის შემდგომ არასდროს არ მიმუშავია. ვარ ლანდშაფტის დიზაინერი. მქონდა ნოსტალგია არა მარტო ჩემი მხარის, არამედ ჩემი პროფესიისაც. 2019 წლის გაზაფხულზე, როდესაც შვილიშვილებთან ვიყავი შვედეთში, ბავშვებმა სანდრომ და ნიკამ საჩუქარი გამიკეთეს. საჩუქრის არჩევა არ გაჭირვებიათ, მაგრამ დიდი დრო მოანდომეს წარწერის არჩევას, რადგან მთელი სიყვარული უნდოდათ ჩაექსოვათ ერთ სიტყვაში. ამის შემდეგ გამიჩნდა იდეა, რომ დამეწყო ჩემი საქმე, დამემზადებინა „მინიატურული ბაღები“ და სასაჩუქრე წარწერაც დამემზადებინა“, - უთხრა „ბიზნესპრესნიუსს“ მზია ჯახაიამ.

თბილისში დაბრუნებულმა დაიწყო ნივთების შეძენა და უკვე აგვისტოში შექმნა პირველი „მინიატურული ბაღი“. თავდაპირველად სურდა, რომ ყველა მისი ნამუშევარი ხელის გულზე დატეულიყო, თუმცა მოუწია მასშტაბების გაზრდა. ამბობს, რომ ეს მომხმარებლის დაკვეთა იყო.

„როდესაც დავიწყე „მინიატურული ბარების“ გაკეთება და შევქმენი „ფეისბუქზე“ გვერდი, ვერ წარმომედგინა, რომ მომხმარებელი ასე მიმიღებდა. საზოგადოებამ იმაზე კარგად მიიღო ჩემი ნამუშევრები, ვიდრე ველოდი. ყველა ნივთს ჩემი ფანტაზიით ვამზადებ, ერთადერთი ფერებს და წარწერას ვუთანხმებ დამკვეთს“, - ამბობს დიზაინერი.

ამ ეტაპზე მზია ჯახაია საახალწლო თემატიკაზე მუშაობს, აკეთებს ნაძვის ხეებს, როგორც ცოცხალი მცენარეებისგან, ასევე ლიანებისგან.