„სადახლოს“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, ევროპული სტანდარტების აპარატურით აღჭურვილი ახალი ინფრასტრუქტურა გაიხსნა

„სადახლოს“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ახალი ინფრასტრუქტურა გაიხსნა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპული სტანდარტების აპარატურით არის აღჭურვილი და განკუთვნილია ვეტერინარული, სანიტარული და ფიტოსანიტარული კონტროლისთვის.

ღონისძიება გახსნეს და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან კაკავამ და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლების დეპარტამენტის უფროსმა, ვინსენტ რეიმ. მათ ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ღონისძიების დასასრულს საბაჟო- გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე 33 ძირი ფიჭვი დარგეს.

ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ, მათ შორის, სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი.

„თქვენი თვალით ნახეთ, რამდენად ხარისხიანად არის გაკეთებული სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტი. ეს არის რიგით მეხუთე ადგილი, სადაც ამ დონის ინფრატრუქტურა მოეწყო და ხუთივე, პრაქტიკულად, ევროკავშირის დახმარებით გაკეთდა. 2 - თურქეთის საზღვარზე, ერთი - აზერბაიჯანის საზღვარზე, ერთი - ფოთის პორტის ზონაში და ეს პირველი ამ შემთხვევაში სომხეთის საზღვარზე. ეს გამშვები პუნქტი არის სრულად აღჭურვილი თანამედროვე მოწყობილობებით, რათა მოახდინონ ყველა ტიპის კონტროლი. პირველ რიგში, საუბარი არის ფიტოსანიტარულ კონტროლზე, ვეტერინარულ კონტროლზე, იქნება ეს ცოცხალი პირუტყვის ექსპორტი თუ იმპორტი. ასევე სხვადასხვა ტიპის პროდუქტები, მათ შორის, ყვავილების იმპორტი ხორციელდებოდა სომხეთიდან და მისი შემოწმება მოხდა რაღაც ტიპის მავნებლებზე. ეს საბოლოო ჯამში ემსახურება, რომ უფრო უსაფრთხო პროდუქტი შემოვიდეს საქართველოში და არა მარტო საკვები პროდუქტი, არამედ ნებისმიერი სხვა პროდუქტი, რომელიც რაიმე საფრთხეს შეიძლება, შეიცავდეს, ასევე უსაფრთხო გავიდეს საქართველოდან. ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ როგორც ექსპირტიორი ქვეყნისა და ჩვენი მწარმოებლების რეპუტაცია დაცული იყოს“- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, „სადახლოს“ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის მშენებლობა და აღჭურვა „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების 2018 და 2019 წლის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში იყო გათვალისწინებული.

მშენებლობის პირველი ეტაპი 2018 წელს დასრულდა, ხოლო მიმდინარე წელს შენობის შიდა სამუშაოები და აღჭურვა.