„უფრო მეტი ადამიანი მიიღებს სესხს“ - რა შეიცვლება საბანკო რეგულაციებში

უფრო მეტი ადამიანი მიიღებს სესხს - ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ „რადიო პალიტრას“ გადაცემა „საქმეში“ განაცხადა. საქმე ეხება ეროვნული ბანკის მიერ ფიზიკური პირების დაკრედიტების შესახებ რეგულაციებს, რომელიც 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა.

ცნობისათვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პროგრამის მეხუთე მიმოხილვის დასრულების შემდეგ დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ სებ-ი 2020 წელს საბანკო რეგულაციების გამარტივებას გეგმავს. შესაბამისი ცვლილებები სავარაუდოდ, მომავალი წლის მარტამდე განხორციელდება. დღეისთვის სესხის მომსახურების კოეფიციენტები ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით ოთხ ჯგუფად არის დაყოფილი – 1000 ლარამდე, 1000-დან 2000 ლარამდე, 2000-დან 4000 ლარამდე და 4000 ლარზე მეტი. ცვლილების შემდეგ, დარჩება მხოლოდ ორი კატეგორია. სავალუტო ფონდში აღნიშნავენ, რომ ცვლილება დადებითად აისახება მათზე, ვისი შემოსავალი 1000-დან 4000 ლარამდეა, ანუ მათ შედარებით დიდი მოცულობის სესხის აღება შეეძლებათ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაკრედიტების პროცესში შემცირდება ადმინისტრაციული ტვირთი და რისკების შეფასებაში ბანკები უფრო მოქნილი იქნებიან.

როგორც ძნელაძემ „საქმეში“ განაცხადა, ცვლილებების საბოლოო ვარიანტი ჯერჯერობით შემუშავებული არ არის: „ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა. არსებობს რეკომენდაციები ჩვენი მხრიდან და არსებობს გარკვეული ხედვები, თუ რა მიმართულებით შეიძლება გამარტივდეს რეგულაციები. ეს იქნება ტექნიკური ცვლილებები, მათ შორის, ერთ-ერთი იქნება სესხის ხელფასთან თანაფარდობის კოეფიციენტი. თუ ფიზიკური პირი იყო გადამხდელუნარიანი და ადასტურებდა შემოსავალს, თუმცა ვერ იღებდა სესხს, აქ შევა ცვლილება. მაგრამ, ვიმეორებ, ჯერჯერობით საბოლოო ვარიანტი ცნობილი არაა“, - განაცხადა ძნელაძემ.