მთლიანი შიდა პროდუქტი 5.2%-ით გაიზარდა

2014 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში

7 175,1 მლნ ლარი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით,

წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5,2 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 4,4 პროცენტით.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით

გამოირჩევა ვაჭრობა (16,9 პროცენტი) და მრეწველობა (16,2 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს

იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,0 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (10,2

პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,2 პროცენტი), მშენებლობა (7,4 პროცენტი).

ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (18,7 პროცენტი), საფინანსო

საქმიანობა (9,6 პროცენტი), კავშირგაბმულობა (9,0 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (7,5 პროცენტი), ვაჭრობა (6,9 პროცენტი), ტრანსპორტი (6,2 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (6,0 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (5,3 პროცენტი).

კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში (-7,6 პროცენტი) და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში (-6,1 პროცენტი).