მთავრობა "წყნეთის აგარაკებს" 55.7 მლნ ლარად ყიდის

მთავრობამ დაბა წყნეთში, სტალინის, ფიროსმანისა და აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სამთავრობო აგარაკები აუქციონზე გამოიტანა. შესაბამისი აუქციონი სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უკვე გამოაცხადა.

89,988 კვადრატული მეტრის ფართობზე განთავსებული შენობა-ნაგებობის და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების 13 საწყისი ფასი 55,710,287 ლარს შეადგენს.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ტერიტორიის შემძენმა ადგილზე ტურისტული კომპლექსი უნდა მოაწყოს, რაშიც მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

აუქციონის პირობების მიხედვით, „შემძენმა პირადად ან მესამე პირის მეშვეობით შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში განსაკარგავ უძრავ ქონებაზე, ან მის ნაწილზე სასტუმროს კომპლექსის შექმნის მიზნით სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება (რაც შეიძლება მოიცავდეს უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს, უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გამწვანებას, გარე განათების მოწყობას), კომპლექსის ექსპლოატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება. ამასთან, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 წლის განმავლობაში გადაცემულ ქონებაზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ხოლო არსებული შენობების საცხოვრებელი მიზნებისათვის გამოყენება არ უნდა განხორციელდეს;

გ) პირადად ან მესამე პირის მეშვეობით „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელება;

დ) მყიდველი ვალდებულია „ა-გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია’’-ში წარმოადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო თანხის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას," - ნათქვამია ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე“, - აღნიშნულია აუქციონის პირობებში.