წყალტუბოს გენგეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წყალტუბოს კომპლექსური განვითარების მიზნით ქალაქთმშენებლობითი გეგმები შემუშავდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული გეგმები კურორტის ქაოტური, უსისტემო განაშენიანებისგან დაცვის, მისი იერსახის შენარჩუნება-გაუმჯობესების, სატრანსპორტო ქსელის და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით აუცილებელია.

„ამის შედეგად ქალაქი ინვესტორებისათვის უფრო საინტერესო და ტურისტულად მიმზიდველი გახდება. დოკუმენტაციის შემუშავების უზრუნველსაყოფად, 23 დეკემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო წინადადების მიღება 2020 წლის 22 იანვარს დაიწყება და 2020 წლის 27 იანვარს დასრულდება. ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავება გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 დღის ვადაში უნდა განახორციელოს.

პირველ ეტაპზე, ხელშეკრულების დადებიდან დაახლოებით 2 თვეში, წინასაპროექტო კვლევების საფუძველზე, კურორტის ცენტრალურ ნაწილში არსებული საინვესტიციო ობიექტების განვითარების პარამეტრები განისაზღვრება. ეს შესაძლებლობას მისცემს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შესაბამისი პირობებით, საპრივატიზაციოდ მოამზადოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გასასხვისებელი ობიექტები.

სამუშაოთა პირველივე ფაზაში, გენგეგმის საჯარო განხილვების პარალელურად, დაზუსტდება საპრივატიზაციო ობიექტების რეკონსტრუქციისა და ახალი მშენებლობების მიზანშეწონილობა. ასევე, კომპლექსურად გაანალიზდება წყალტუბოს მდგრადი განვითარების, ჯანსაღი, უსაფრთხო, მოხერხებული საცხოვრებელი და დასასვენებელი გარემოს შექმნის შესაძლებლობები.

ქალაქთმშენებლობითი გეგმები, ერთის მხრივ, კურორტს შეუნარჩუნებს ისტორიულ ღირებულებას და მეორეს მხრივ, მის განვითარებას არ შეაფერხებს.

შესაბამისი უწყებები მინერალური წყლის საბადოს და კურორტის სანიტარიული დაცვის ზონების დასადგენად სამუშაოებს აწარმოებენ. გამარჯვებულ კონკურსანტს ქალაქთმშენებლობით გეგმებში ამ მონაცემების გათვალისწინების მიზნით მონაცემები გადაეცემა.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე (განცხადების ნომერი: CNT190000131): https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=333328&lang=ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.