დავით ნარმანია ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ნარმანიამ სტუმრებს დედაქალაქში განსახორციელებელი პროექტები გააცნო, რომელთა შორის თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის პარკის განახლება და ენერგოეფექტური გარეგანათების დამონტაჟება დაასახელა.

მისი თქმით, მთავრობა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ახალ სტანდარტებზე იწყებს მუშაობას, რაშიც ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებას გაიზიარებს. მისივე თქმით, ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება მის წინასაარჩევნო პროგრამაზე დაფუძნებული სამომავლო საქმიანობის სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია.

"ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ევროპის საინვესტიციო ბანკს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი აქვს. ბანკი თბილისის მერიას მუნიციპალური და ინფრასტრუქტურული პროექტების გრძელვადიანი დაფინანსების პაკეტს სთავაზობს. ამ კუთხით, ბანკს მდიდარი გამოცდილება, მიმზიდველი წინადადებები და დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს," - განაცხადა ბანკის წარმომადგენელმა ფილიპე შიმჩაკმა.

დავით ნარმანიამ ბანკის წარმომადგენლები სექტემბრის ბოლოს დაგეგმილ დონორთა საკოორდინაციო შეხვედრაზე მიიწვია.