„რუსთავი2“-ის, „ტვ პირველის“ და “კავკასიის” ანგარიშებს ინკასო დაედო

„რუსთავი2“-ის, „ტვ პირველის“ და “კავკასიის” ანგარიშებს ინკასო დაედო. შესაბამისი გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ მიიღო, რომელმაც ტელეკომპანიებს მიმდინარე, ანუ 1 ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანებების გადასხადელად 1-დღიანი ვადა მისცა, რაც 25 დეკემბერს ამოიწურა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას ტელეკომპანია კავკასიას დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე აკეთებს: "აჰა, მოვიდა ინკასო იგი და დაედო ჩემს ანგარიშებს. მადლობა მთავრობას. ეს პრაქტიკულად ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს, რადგან ორგანიზაცია ვერ შეძლებს ვერანაირი ოპერაციის განხორციელებას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ტელევიზიებს – იმედს, რუსთავს და მაესტროს ბიუჯეტის 55 მილიონი მართებთ და არავინ აპირებს ამის გამო ტელევიზია გაუჩეროს. საჭიროც აღარ არის მგონი რამის თქმა. ყველაფერი ისედაც გასაგებია",- წერს ნინო ჯანგირაშვილი.

ინფორმაციას ტელეკომპანია "ტვ პირველი" და "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორიც ადასტურებენ. როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, ამან შესაძლოა ტელევიზიის საქმიანობის შეფერხება გამოიწვიოს. ამასთან, ის მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროს მსგავსი ღონისძიებები მომავალში არ გამოიყენოს და ტელეკომპანიის მენეჯმენტი შეეცდება მიმდინარე დავალიანებები გადაიხადოს.

„დაახლოებით ერთი საათის წინ მივიღეთ შეტყობინება, რომ ჩვენს საბანკო ანგარიშებს დაედო ინკასო შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე. ეს არის შედეგი, იმ გაფრთხილებისა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ორი დღის წინ. ჩვენი პოზიცია უცვლელია , მე ვთვლი, რომ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მოქმედება ამ შეთხვევაში, ვინაიდან, ამან შეიძლება გამოიწვიოს ტელევიზიის საქმიანობის შეფერხება. ჩვენ, მენეჯმენტი ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს არ მოხდეს და ახალი წლის წინ არ მოხდეს არხის პარალიზება, თუმცა კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ 27 მილიონი ლარი დავალიანება დაგროვდა სწორედ იმის გამო, რომ ასეთი პრინციპულობა , რასაც ახლა ირჩევს ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური , მათ არ გამოუჩენიათ წინა მენეჯმენტის პირობებში, წლების განმავლობაში, როდესაც ეს ვალი თვიდან თვემდე გროვდებოდა. რამდენიმე წელი გავიდა, ასეთი მოქმედება არ განუხოცრიელებიათ და ახორციელებენ დღეს , როდესაც ჩვენ უკვე ვიხდიდით მიმდინარე დავალიანებებს, უბრალოდ მცირედი გადაცილება გვაქვს დროში. აქედან გამომდინარე, ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მოვუწოდებ ფინანსთა სამინისტროს, რომ ასეთი ღონისძებები არ გამოიყენოს მომავალში და ვეცდებით, რომ მიმდინარე გადასახადები დავფაროთ“,- განაცხადა პაატა სალიამ სალიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ტელევიზიები, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ მიმდინარე დავალიანება, კიდევ ერთხელ 23 დეკემბერს გააფრთხილა და 1-დღიანი ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.

უწყების ცნობით, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჯერ კიდევ 2019 წლის 14 აგვისტოს, საჯარო განცხადებით მიმართა ტელემაუწყებლებს, წლების განმავლობაში დაგროვილი საგადასახდო დავალიანების შესახებ, წარმოედგინათ ვალის რესტრუქტურიზაციაზე წინადადებები და ასევე, დაეწყოთ მიმდინარე დავალიანებების გადახდა.

მათივე ინფორამციით, ვალის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და ტელემაუწყებლებს შორის ამ დრომდე გრძელდება შეთანხმების პროცესი, რაც შეეხება მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებებს, ტელევიზიებმა არ მოახდინეს მათი გადახდა, რის გამოც, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იძულებულია განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები.

"სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ყველა გადამხდელის ინტერესები, ამასთან ერთად, ეფექტურად მართოს საჯარო ფინანსები, რაც ნიშნავს იმას, რომ გადასახადის გადამხდელების მიერ გადახდილი თანხები უნდა მოხმარდეს თითოეულ მოქალაქეს, სახელმწიფოს როგორც სოციალური, ისე სხვა მნიშვნელოვანი ვალდებულებების შესასრულებლად“, - აღნიშნული იყო ფინანსთა სამინისროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინკასო - კანონმდებლობით, თუ გადამხდელი დადგენილ ვადებში არ შეასრულებს ბიუჯეტის წინაშე არსებულ ვალდებულებებს, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს აღიარებული დავალიანების ფარგლებში საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწეროს დავალიანების ოდენობის თანხები.

ნინი ქეთელაური