კიბერთაღლითობის ახალი სქემა - მოწყობილობა, რომელსაც საბანკო ბარათების მონაცემების კოპირება შეუძლია

კიბერთაღლითობის გახშირების პარალელურად, საბანკო ბარათების მონაცემებზე წვდომის მეთოდები სულ უფრო „იხვეწება“.

არსებობს მოწყობილობა, რომელსაც ბარათის მონაცემების დაკოპირება მხოლოდ ერთი შეხებით შეუძლია. რაც ყველაზე მთავარია, აღნიშული ტექნოლოგია სხვადასხვა საიტებზე იყიდება და მისი გამოყენების ფაქტები საქართველოშიც ფიქსირდება.

როგორც კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ლაშა პატარაია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, თაღლითები პატარა მოწყობილობას ბარათის მქონე ადამიანს ან მის ჩანთას შეახებენ, რითაც ბარათის კოპირებას ახდენენ, შემდეგ კი ანგარიშზე არსებულ თანხას ითვისებენ.

„საქართველოში ამ მოწყობილობის გამოყენების შემთხვევები ყოფილა. ახლა ერთ-ერთი „ქეისი“ მახსენდება, რომელიც შარდენზე მოხდა. ჩვენ ამის ვიდეო სიმულაციაც გავაკეთეთ. ეს არის ბარათების ე. წ კოპიერები, რომელიც იყიდება სხვადასხვა საიტებზე. მათ შორის, უფრო მაღალტექნოლოგიურიც არსებობს, ყიდულობენ ნაწილებად და შემდეგ აწყობენ. ასე რომ, ეს ტექნოლოგიური მიმართულება საკმაოდ მრავალფეროვანია. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მოწყობილობა ყველა ტიპის ბარათზე არ მუშაობს, სულ უფრო ახალი მოდელები შემოდის. შესაბამისად, რთულია მისი დეტალურად დახასიათება, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს რაღაც მინიშნებას მისცემს ადამინებს და ბევრი შეეცდება შეძენას, და მეორე, მართლა ძალიან ბევრი მოდელია უკვე შემუშავებული.

ამ მოწყობილობის საშუალებით, კოპირდება ბარათი და შემდეგ ხდება თანხის მითვისება“, - აღნიშნავს ლაშა პატარაია.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტი თაღლითობის კიდევ ერთ ახალ ტექნოლოგიაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც, საბანკო ბარათებიდან თანხის ჩამოჭრა ტერმინალის მობილური ვერსიებით ხდება.

„ბოლო პერიოდში კიდევ ახალი „ქეისი“ გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, კოპირებით კი არა ტერმინალებით დადიან. კერძოდ, შეიმუშავეს ისეთივე ტერმინალის მობილური ვერსია, როგორიც მაღაზიებში აქვთ მოლარეებს. სწორედ ამის საშულებით დადიან და მეტროებში ბარათებიდან თანხას ხსნიან. სიმართლე გითხრათ, აღნიშნული ტერმინალის საქართველოში გამოყენების შესახებ ჯერ არ მსმენია, თუმცა, ბარათების კოპირება არაერთხელ ყოფილა“,- ამბობს ლაშა პატარაია.

მისი თქმით, ზოგადად ქვეყანაში კიბერთაღლითობის შემთხვევები რომ გახშირებულია, ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაც მოწმობს, თუმცა როგორც კიბერუსაფრთხოების ექსპერტი აღნიშნავს, ყველა შემთხვევა საგამოძიებო უწყებამდე არ მიდის, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ თაღლითობის ფაქტები გაცილებით მეტია.

„მოწყობილობების გამოყენება შედარებით უფრო მაღალრისკიანია, ვიდრე ინტერნეტ სივრციდან მუშაობა. ზოგადად, საბანკო ბარათებზე კიბერშეტევების შემთხვევები რომ გახშირებულია, ეს ყველამ ვიცით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო პერიოდში 100%-ით გაიზარდა კიბერდანაშაული. თუმცა ეს შეიძლება არ ასახავდეს რეალურ სურათს, რადგან შემთხვევების დიდი ნაწილი საგამოძიებო უწყებამდე არც მიდის. ამასთან, გაზრდილია „ფიშინგის“ შემთხვევებიც, მომხმარებლების მონაცემების მითვისება სხვადასხვა თაღლითური მექანიზმების საშულებით. მათ შორის, აქტიურად მუშაობენ ძირითადად სოც-ქსელებში, მათ შორის, „ფეისბუკზე“, სადაც ხშირად უშვებენ სხვადასხვა კამპანიებს, რომელიმე ბანკის გათამაშებას და ა.შ სადაც მომხმარებლებს უჩნდება ცდუნება, რომ შემოთავაზებაზე დააკლიკოს, შევიდეს, საკუთარი მონაცემები შეიყვანოს, რომელსაც მყისიერად ითვისებენ. თუმცა, თანხას მაშინვე არ აჭრიან, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ყურადღება არ მიიქციონ. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, ერთდროულად ხდება ყველა მოპოვებული ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა“,-ამბობს ლაშა პატარაია.

თუ როგორ დაიცვან მომხმარებლებმა თავი ონლაინთაღლითობისგან, კიბერუსაფრთხოების ექსპერტი შემდეგ რეკომენდაციებს იძლევა:

„ყველაზე კარგი ვარიანტია, რომ მომხმარებლებს ჰქონდეთ ორი ანგარიში. ერთი - ბარათი ან ჩვეულებრივი ანგარიში, მეორე კი, უშუალოდ ტრანზაქციებისთვის განკუთვნილი ბარათი, ეს იქნება ონლაინ ტრანზაქცია, შოპინგი თუ სხვა. თუმცა, ამ უკანასკნელზე არ უნდა იქონიონ თანხა და როდესაც უშუალოდ რაიმეს შეძენას გადაწყვეტენ, მხოლოდ ტრანზაქციისთვის საჭირო კონკრეტული ოდენობის თანხა გადაიტანონ თავისი პირველი ბარათის ანგარიშიდან.

ამასთან, ბარათის დაზღევევაც აუცილებელია. თუმცა, მოგეხსნებათ, თაღლითობის დროს ეს გარკვეულ დისკომფორტთან ასოცირდება, რადგან თანხის დაბრუნება საკმაოდ დიდ დროსთან და შრომატევად საქმესთან ასოცირდება.

რაც შეეხება ე.წ კოპიერების გამოყენების შემთხვევას, აქ კარგი თავდაცვის საშუალებაა სპეციალურად ბარათისთვის განკუთვნილი ჩანთების, საფულეების, თუ „ქეისების“ ტარებაა, რომელსაც დაცვის ფუნქცია აქვს.

გარდა ამისა, გადახდისას არავის არ გადასცეთ პლასტიკური ბარათი ხელში, ტერმინალზე თავად დაადეთ ან ეცადეთ, რომ თქვენი თვალთახედვის არედან არ გაქრეს ბარათი. იმ შემთხვევაში, თუ ეს მაინც მოხდა, პლასტიკურ ბარათს უკანა მხარეს გააჩნია უსაფრთოების კოდი, რომელიც გამოიყენება ტრანზაქციის დროს და უმჯობესია, რომ ეს კოდი მარკერით წაშალოთ, ან გადაფხიკოთ. კოდი მხოლოდ თქვენ დაიმახსოვრეთ.

ზოგადად კი, კარგი იქნება, თუ ბარათებს საერთოდ არ იქონიებთ და ამისთვის სპეციალურ მობილურ აპლიკაციებს გამოიყენებთ“,-ამბობს ლაშა პატარაია.

ნინი ქეთელაური