ინფრასტრუქტურის სამინისტრო - იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ახორციელებს.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იუწყებიან, პროგრამა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 2019-2020 წლებში 145 მილიონი ლარია. ჯამში პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართით 2440 ოჯახი დაკმაყოფილდება.

„მიმდინარე წელს ფონდმა უკვე დაასრულა მცხეთაში ორი კორპუსის მშენებლობა 120 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის. ასევე, სრულდება ზუგდიდისა და წყალტუბოს საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და ბინების გადაცემა 2020 წლის პირველ ნახევარში იქნება შესაძლებელი. დამატებით მიმდინარეობს ქუთაისის, წყალტუბოსა და ზუგდიდში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის კორპუსების მშენებლობა.

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში არა მარტო მსხვილმასშტაბიანი მშენებლობა ხორციელდება, არამედ 4 მუნიციპალიტეტში - კასპის, ქარელის, გორისა და მცხეთის, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში შიდა გზის მშენებლობა მიმდინარეობს. შიდა გზების საერთო სიგრძე 23 კილომეტრია. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 7.3 მილიონი ლარია“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.