გუდაურში „რედკოს დასახლებას“ წყლის მიწოდება აღუდგა

გუდაურში სამდღიანი ინტენსიური სამუშაოების შედეგად პრობლემა აღმოფხვრილია და „რედკოს დასახლებას“ წყალმომარაგება სრულად გუშინ გვიან ღამიდან აღუდგა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, წყლის მიწოდების შეფერხების აღმოსაფხვრელად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, შესაბამის სამსახურებით, 112 ბრიგადებთან ერთად სამი დღის განმავლობაში მუშაობდა. მათივე ცნობით, მოეწყო დროებითი სატუმბო სათავე.

„წყალმომარაგების აღდგენამდე, დასახლებას წყალმზიდების საშუალებით წყალი მიეწოდებოდა. გუდაურში მშრალმა კლიმატურმა პირობებმა წყლის მარაგის შემცირება, ხოლო სეზონზე გაზრდილმა მოხმარებამ წნევის ვარდნა გამოიწვია. წყლის მარაგის შემცირებისა და წნევის ვარდნის გამო, რეზერუარების შევსებას პრობლემები შეექმნა და ,,რედკოს დასახლებაში“ წყლის მიწოდება შეფერხდა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გუდაურში დაწყებული აქვს წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროექტის განხორციელების შედეგად, სრულად შეიცვლება ამორტიზებული და მოძველებული სისტემები, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის საკურორტო ზონაში სეზონურად არსებულ პრობლემებს.

სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 50 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.