მაია ცქიტიშვილი წყალმომარაგების კომპანიის ახალ ხელმძღვანელთან ერთად გუდაურში ჩავიდა

წყალმომარაგების კომპანიას ეყოლება ახალი ხელმძღვანელი გიგა მანდარია, რომელსაც აქვს რამდენიმე წლიანი გამოცდილება წყალმომარაგების სფეროში მუშაობის და კარგად იცნობს ამ სექტორს, - ამის შესახებ, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გუდაურში განაცხადა, სადაც ის წყალმომარაგების კომპანიის ახალ ხელმძღვანელთან ერთად იმყოფებოდა.

ცქიტიშვილის თქმით, გუდაურში გიგა მანდარიასთან ერთად ჩასვლის მთავარი მიზეზია დაიგეგმოს სამუშაოები და 2020 წლის სეზონს გამართული წყალმომარაგების სისტემით შეხვდნენ.

„ძალიან აქტიური მშენებლობები მიმდინარეობს გუდაურში. უშუალოდ „რედკოს“ დასახლებასაც წელს დაემატა რამდენიმე კორპუსი და მომავალი წლისთვისაც გეგმავენ გაფართოებას. ეს ნიშნავს ჩვენთვის ახალ გამოწვევას, რომ აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპი დავაჩქაროთ. ამიტომ, კომპანიის ახალ ხელმძღვანელთან ერთად, სწორედ ამ სამუშაოებს ვნახავთ და დავგეგმავთ, რომ უკვე გაზაფხულის სეზონიდანვე დავიწყოთ წყალმომარაგების გაუმჯობესების სამუშაოები გუდაურში, რათა კლიმატურ ცვლილებებს, რაც სავარაუდოდ, მომავალში იქნება, უფრო მომზადებული შევხვდეთ,“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთანავე, ცქიტიშვილმა მადლობა გადაუხადა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყოფილ დირექტორს და აღნიშნა, რომ ეკა გალდავამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია კომპანიის გაჯანსაღებისა და განვითარებისთვის. მისივე თქმით, ეკა გალდავასთან თანამშრომლობა სამინისტროს ფარგლებში გაგრძელდება.