რამდენიმე მოქალაქეს უძრავ ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ

ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის – სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.

“პროექტი ითვალისწინებს ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის – სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობას, რომელიც იწყება ქუთაისის ახალი შემოსავლელი გზის ბოლოს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი უკანეთიდან და მთავრდება მდინარე ოჩოფას ხიდთან. საპროექტო მონაკვეთის მთლიანი სიგრძე შეადგენს 24.045 კვ-ს და წარმოდგენილია ორზოლიანი სავალი ნაწილით, რომელიც ძირითადად გადის დასახლებულ ტერიტორიაზე.

პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით, მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი,”- აღნიშნულია ბრძანებაში.

თუმცა, უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ დეპარტამენტის მიერ რამდენიმე მოქალაქესთან ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული. კერძოდ, საუბარია, სამტრედიის რაიონში, სოფელ იანეთში მდებარე ბარნაბა ჯვარშეიშვილის, გულნაზ ჯვარშეიშვილისა და ნინო ჯვარშეიშვილის თანასაკუთრებაში არსებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 369 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 15 925 კვ.მ). შესაბამისად, აღნიშნული ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარა.

თაია არდოტელი