ლევან ახვლედიანის განცხადებით, კონსორციუმს სახელმწიფოსთვის დასაბრუნებელი მიწები არ აქვს, რადგან პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწები სახელმწიფოს ბალანსზეა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებით, სახელმწიფოსთვის დასაბრუნებელი მიწები კონსორციუმს არ აქვს. როგორც ახვლედიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწები სახელმწიფოს ბალანსზეა.

რაც შეეხება პირგასამტეხლოს, ახვლედიანის თქმით, მან არ იცის, რაზე საუბრობს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, როდესაც ამბობს, რომ კონსორციუმს პირდგასამტეხლოს თანხის გადახდა მოუწევს.

„მიწებთან დაკავშირებით გაფორმებულია აღნაგობა, დასაბრუნებელი არაფერი არ არის იმიტომ, რომ სახელმწიფოს ბალანსზეა ის 340 ჰექტარი. ჩვენ ეს მიწები გადმოგვეცა აღნაგობით. თუ ხელშეკრულება შეწყდება, ავტომატურად აღნაგობის ხელშეკრულებებიც წყდება და ბრუნდება ბალანსზე.

პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით მიჭირს საუბარი, რას გულისხმობს ვიცე-პრემიერი. არ მიმიღია კონკრეტული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ხელშეკრულებით იმდენი ჯარიმებია გათვალისწინებული, რომ მთელი ნუსხა არის 3-გვერდიანი, ამიტომ, რომელ ჯარიმებზეა საუბარი ზუსტად ვერ გეტყვით“,- განაცხადა ახვლედიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა თანხას შეადგენს ამ დროისთვის პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 10 მილიონი დოლარის პირგასამტეხლო უკვე აპატია. ამასთან, ცქიტიშვილის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ასევე მოუწევს სახელმწიფოს დაუბრუნოს გადაცემული მიწები და ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.