საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა ლიკანში ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა ლიკანში ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები ყაზახურ დელეგაციასთან ერთად დაათვალიერა.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ლიკანში მიმდინარე სამუშაოები საქართველოში ვიზიტით მყოფმა ყაზახური კომპანია "ყაზმუნაიგაზ-სერვისის" დირექტორმა, ბატირბეკ ბაშეევმა საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტთან ერთად დაათვალიერა. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი, რომელსაც საპარტნიორო ფონდი და ყაზახური კომპანია "ყაზმუნაიგაზ-სერვისი" ერთობლივად ახორციელებენ, ლიკანში (ბორჯომი) ყოფილი IV სამმართველოს ტერიტორიაზე შენდება. 152 ნომრიანი სასტუმრო დასვენებისთვის აუცილებელი თანამედროვე ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი. კომპლექსში შესაძლებელი იქნება სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება. პროექტი ასევე სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიის - გზების, პარკინგის, გასართობი ცენტრის და კომპლექსის სხვა დამხმარე ნაგებობების რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს.

როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, კომპლექსის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 38,5 მლნ აშშ დოლარია. ფონდის თანამონაწილეობა პროექტში კაპიტალის 50%-ია. სასტუმროს თანამედროვე ტექნიკით, ავეჯით და სხვა აუცილებელი ელემენტებით აღჭურვაზე მუშაობს თურქული კომპანია "დეკონი", ხოლო ოპერირებას მსოფლიოში ცნობილი ოპერატორი RIXOS განახორციელებს.