თურქეთი სტამბოლთან ახალ არხს გაიყვანს

თურქთი სტამბოლის მახლობლად ახალი არხის მშენებლობას გეგმავს, რომელიც შავ და მარმარილოს ზღვებს დააკავშირებს და ბოსფორის სრუტის არხს განტვირთავს. არხ „კანალ ისტანბულის“ საპროექტო სიგრძე 45 კილომეტრია და ის ექსპლუატაციაში 2026 წელს უნდა შევიდეს.

არხის მშენებლობას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მათ შორის, სტამბოლის მერი ეკრემ იმამუგლუ და გარემოს დამცველები. მერი შიშობს, რომ არხის მშენებლობის გამო, 15-მილიონიანი ქალაქი, წლების განმავლობაში, უზარმაზარ სამშენებლო მოედნად გადაიქცევა. გარემოს დამცველები კი შიშობენ, რომ არხი ადგილობრივ ეკოსისტემას გაანადგურებს, რაც უარყოფითად იმოქმედებს ზღვის ბინადრებსა და გადამფრენ ფრინველებზე.

თურქეთის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მინისტრი მეჰმეტ ჩაჰიტ ტურჰანი ამბობს, რომ თურქეთი არხში გამავალი გემებისგან, პირველივე წელს, მოგების სახით, 1 მილიარდ დოლარს მიიღებს. უფრო მეტიც, ის ვარაუდობს, რომ სრულად დატვირთვის შემდეგ, არხში წლიურად გავლას 50 000 გემი შეძლებს, რაც ქვეყანას 5 მილიარდი დოლარის მოგებას მისცემს. ტურჰანის თქმით, „კანალ ისტანბულის“ გამტარუნარიანობა, ბოსფორის არხისაზე დაახლოებით სამჯერ მეტი იქნება.

არხის და მისი ინფრასტრუქტურის საპროექტო ღირებულება 15 მილიარდ დოლარს აღწევს, საიდანაც უშუალოდ არხის მშენებლობაზე 10 მილიარდი დოლარი დაიხარჯება, დანარჩენი კი ინფრასტრუქტურას მოხმარდება.