ფერმერებმა 3,572,690 ტონა ვაშლი ჩააბარეს

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, გორში საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარიანა მორგოშია ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო მუშაობის პროცესს და ვაშლის რეალიზაციის მონიტორინგის შედეგებს გაეცნენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ადგილობრივ ფერმერებსაც შეხვდა და შპს ,,სამეგობროს" საწარმოში ვაშლის ჩაბარების პროცესს დაესწრო.

19 სექტემბრის მონაცემებით, შპს "სამეგობრომ" ფერმერებისგან 1,530,960 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა, თანხამ კი 153,096 ლარი შეადგინა, სუბსიდიის სახით საწარმო 122,278 ლარს მიიღებს. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებაში მონაწილეობას სულ ხუთი საწარმო იღებს: შპს "გეოფრუტი", შპს "ნატურალ 7", შპს "ბიოჯუსი", შპს "სამეგობრო" და შპს "ჯეოკონცენტრანტი".

19 სექტემბრის მდგომარეობით, ჯამში საწარმოებში ფერმერებმა 3,572,690 ტონა ვაშლი ჩააბარეს.

პროექტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელ კომპანიებზე, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.10 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.08 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოში მეხილეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.