მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანილ წერეთლის საქმის პროკურორის განცხადებით, დღეს დაკითხულმა მოწმეებმა ბრალდების მხარისთვის სასარგებლო ჩვენებები მისცეს

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანილ წერეთლის საქმის პროკურორის, გიორგი მიქავას განცხადებით, დღეს სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა ბრალდების მხარისთვის სასარგებლო ჩვენებები მისცეს. აღნიშნულის შესახებ მიქავამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მათ დაადასტურეს ის ფაქტი, რომ 2008 წელს, როცა სესხი გასცეს „სამგორი ემსა“ და „სამგორი თრეიდზე“, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ აღნიშნული სესხი რეალურად განკუთვნილი იყო ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის, რომელიც საქმეში არსებული მასალებით უდაოდ დასტურდება. იმ შემთხვევაში, რომ ჰქონოდათ ეს ინფორმაცია, განსხვავებული რეჟიმი იმოქმედებდა და იქიდან გამომდინარე, რომ ეს პირები ინსაიდერები იყვნენ, სესხის გაცემის პროცედურა განსხვავებული უნდა ყოფილიყო. აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ბრალდების მხარე ადასტურებს იმას, რომ ისინი ავთანდილ წერეთლის მეშვეობით „თიბისი ბანკისგან“ მოტყუებით დაეუფლნენ თანხას. რაც შეეხება მოწმე დავით ჭუბაბრიას, რომელმაც დღეს სასამართლოში ჩვენება მისცა, მანაც ასევე მნიშვნელოვანი გარემოებები დაადასტურა. იმ პერიოდში კომპანიის რეალური მფლობელი და მმართველი ავთანდილ წერეთელი იყო, მან თანხის გადარიცხვისთვის დავალება პირადად ავთანდილ წერეთლისგან მიიღო, რომელიც საქმეში არსებული მასალებითაც დასტურდება“, - განაცხადა მიქავამ.

კითხვაზე, არის თუ არა საქმეზე დასაკითხ პირთა სიაში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, გიორგი მიქავამ უპასუხა, რომ ქადაგიძე მათ სიაში არის.