საქსტატი - 2019 წელს საქონლით ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 0.8%-ით შემცირდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები) შეადგენს.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წელს, 5 291.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წელთან შედარებით 5.7 პროცენტით გაიზარდა და 2 352.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2019 წელს საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 825.7 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 13.0 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.9 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 2 321.5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (7.4 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.6 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3 147.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2.8 პროცენტით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს 2019 წელს მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 28.3 პროცენტით განისაზღვრა.

გასულ წელს საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 2 003.1 მლნ აშშ დოლარის საქონელი, რაც 20.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 53.1 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 2 438.6 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (9.5 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.9 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 4 441.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.8 პროცენტით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს 2019 წელს მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 8.2 პროცენტი იყო.

„2019 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 73.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (498.7 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (497.1 მლნ აშშ დოლარი) და სომხეთი (412.2 მლნ აშშ დოლარი).

2019 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 613.7 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (975.9 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (858.7 მლნ აშშ დოლარი).

2019 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.9 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 816.1 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (1 473.0 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 086.3 მლნ აშშ დოლარი).

2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 686.7 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 18.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 651.6 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 17.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 303.0 მლნ აშშ დოლარით (8.0 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2019 წელს წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 757.0 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილები 653.7 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრანტები 603.7 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი),“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი