დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასები 7.8%-ით გაიზარდა

2019 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.5 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7.8 პროცენტით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით ფასების 0.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და მისი წვლილი ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -0.43 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან მნიშვნელოვანია ფასების კლება ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (-2.1 პროცენტი).

ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე ფასები შემცირდა 0.8 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე -0.09 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 8.0 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 6.51 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (9.4 პროცენტი), ასევე ცელულოზაზე, ქაღალდსა და ქაღალდის ნაწარმზე (37.0 პროცენტი);

სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: დაფიქსირდა ფასების 17.3 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.11 პროცენტული პუნქტით აისახა;

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 1.7 პროცენტით, რამაც 0.2 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე.

ლიკა ამირაშვილი