დიდი კაპიტალის მქონე “მტაცებელი” - ფუფუნების მოყვარული ბიზნესმენი, რომლისთვისაც ბიზნესი ყოვედღიური სამუშაო და ჟინია

Bloomberg-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში რამდენიმე დღის განმავლობაში პირველ ადგილს ფრანგული კომპანიის, LVMH-ის მფლობელი ბერნარ არნო იკავებდა.

ამ დროისთვის, ბიზნესმენმა მესამე ადგილზე გადმოინაცვლა. გამოცემის მიხედვით, მისი ოჯახი 105 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს. აღსანიშნავია, რომ არნოს კომპანია LVMH ისეთ ცნობილ კომპანიებსა და ბრენდებს აერთიანებს, როგორებიცაა Christian Dior, Louis Vuitton, Moët & Chandon და Hennessy.

მსოფლიოში ცნობილი ფრანგი ბიზნესმენი ბერნარ არნო ძლიერი, მოხერხებული და წარმატებული ადამიანია, რომელსაც მტაცებელს ეძახიან. ის ისახავს მიზანს, ხშირად ძნელად შესასრულებელსაც კი, და თავდაჯერებული იღვწის მის შესასრულებლად. ამ რთულ გზაზე მისთვის არ არსებობს წინააღმდეგობა. მომავალი მილიარდერი საშუალო მეწარმის ოჯახში დაიბადა. განათლება პრესტიჟულ ფრანგულ უნივერსიტეტ Ecole Polytechnigul-ში მიიღო. 22 წლისამ სამშენებლო კომპანია Ferret Savine-ში დაიწყო მუშაობა, რომელიც ოჯახური ბიზნესი იყო. ჯერ კიდევ ჭაბუკმა ბერნარმა ბიზნესში განსაკუთრებული ალღო და უნარი გამოიჩინა და ოჯახის კაპიტალი ერთიორად გაზარდა.

ბიზნესი შემოქმედებაა

მხატვრული და შემოქმედებითი აზროვნება - ბერნარ არნოს იმპერიის დევიზია. ბოლო წლებში მაგნატის მთავარი საზრუნავი თავის გიგანტურ ჰოლდინგში Moet Hennessy Louis Vuitton (LVMH) შემავალი საფირმო მარკების ინდივიდუალურობისა და უნიკალურობის შენარჩუნებაა. “შემოქმედება ჩემი სისუსტე და ვნებაა. ჩვენი ჯგუფის საქმიანობა ტალანტსა და შემოქმედებით აზროვნებაზეა დამყარებული. ეს კი ბიზნესში ყველაზე მეტად მხიბლავს და მიყვარს”, - ამბობს ბერნარ არნო. ის თავს შემოქმედებით ადამიანად თვლის და იმ ბიზნესმენთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ კომპანიის საქმიანობაში.ჭკვიანი, მოუთმენელი, შეურიგებელი, მხოლოდ მომავალზე ორიენტირებული - ასე აფასებენ მაგნატს ყოფილი პარტნიორები თუ თანამშრომლები.

ფრანგი ჟურნალისტი ერნი რუტიე კი, რომელიც ბიზნესმენის ბიოგრაფია, მას ასე ახასიათებს: “ის ბრწყინვალე ბიზნესმენია. გამჭრიახი, ჭკვიანი, ანგარიშიანი და ამავდროულად ცინიკოსი. მოდისა და ძვირფასეულობის სამყაროში ის ძალიან ახალგაზრდა ჩაერთო და ასაკის მიუხედავად, შეძლო ამ ბაზრის უზარმაზარი შესაძლებლობების სწორად დანახვა და შეფასება”. ბერნარ არნოს უყვარს შემოქმედებითი ადამიანები და მიაჩნია, რომ მათი ქცევის წინასწარ განჭვრეტა ზოგჯერ შეუძლებელია, მაგრამ თუ გიყვარს ის, რასაც ისინი ქმნიან, შეძლებ კიდეც მათ გაგებას. რაციონალურისა და ირაციონალურის ერთობლიობაა სწორედ ფრანგი მაგნატისთვის უნიკალური ბიზნესმოდელი. ბერნარ არნო დიდი სიფრთხილით უდგება დიზაინერების შერჩევას, რადგანაც მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მათი როლი კომპანიის წარმატებაში, ხოლო იმ თანამშრომელთა მიმართ, რომელთა საქმიანობასაც არ მოაქვს წარმატებები, ბიზნესმენი დაუნდობელია და დაუფიქრებლად ათავისუფლებს კომპანიიდან. 1995 წელს ბატონმა ბერნარმა ყოველგვარი დანანების გარეშე დაითხოვა Dior-ისა და Givenchy-ის ქვეგანყოფილებების დირექტორები, რადგან მიიჩნია, რომ მათი პროდუქცია ცუდად იყიდებოდა. ამის გამო, ბერნარს თანამემამულეები ხშირად აკრიტიკებენ და მას ამერიკული ყაიდის ბიზნესმენს უწოდებენ. ბერნარი კი ამბობს, რომ მისი ასეთი გადაწყვეტილებები ჰოლდინგის ხელმძღვანელის პოზიციიდან და კომპანიის ინტერესებით არის ნაკარნახევი, ამიტომაც ნაკლებად ჰუმანურია.

გააერთიანე და იბატონე

ბერნარ არნომ ძლევამოსილი იმპერიის შენება 20 წლის წინ დაიწყო. 1984 წელს ტექსტილის გახლეჩილი ჰოლდინგი Boussac-ი შეიძინა. ამ გარიგებამ ბიზნესსაზოგადოებას დაანახვა, რომ მათ გამჭრიახი და ალღოიანი კონკურენტი შეემატა. Boussac-ი ფრანგული კაპიტალიზმის ერთგვარ სიმბოლოდ იყო მიჩნეული, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მისი შეძენის მსურველი ძალიან ბევრი იყო. საბოლოოდ, მხოლოდ ახალგაზრდა, 35 წლის ბერნარმა მიაღწია ყოფილ მფლობელებთან, ვილების ოჯახთან შეთანხმებას. არნომ Boussac-ი 80 მლნ. დოლარად შეიძინა, აქედან 15 მლნ. არნოს ოჯახს ეკუთვნოდა, დანარჩენი კი სესხად აიღო. Boussac-ი სხვადასხვა კომპანიის აქტივების მფლობელი იყო. მათ შორის Christian Dior-ის მოდის სახლის.

“თავიდანვე მივხვდი, რომ Dior-ის გარშემო შემეძლო სერიოზული კომპანიის შექმნა. ეს ხომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგული ბრენდია”, - იგონებდა შემდგომ ბერნარ არნო. მოკლედ, ახალგაზრდა ფრანგმა გადაწყვიტა, რომ გრანდიოზული კომპანია შეექმნა. გადაწყვიტა და შეასრულა კიდეც. მალევე გაყიდა ტექსტილის იმპერიის აქტივები Dior-ის გარდა, მოაგროვა 400 მლნ. დოლარი და შეუდგა ახალი იმპერიის მშენებლობას.

ბერნარმა ფუფუნების საგნებისა და ძვირფასეულობის ბაზარი კარგად შეისწავლა და გადაწყვიტა ერთგვარი სუპერმარკეტის შექმნა, სადაც მთელი მსოფლიოს შეძლებული ბურჟუაზია სიამოვნებით დატოვებდა არაერთ ათასსა თუ მილიონ დოლარს. ეს თამამი და ამბიციური იდეა იყო, რომელიც არნომ წარმატებით განახორციელა. 80-იან წლებში მან გააფართოვა Dior-ის მოდის სახლი და Christian Lacroix და ძვირფასი ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია Celine-ი შეიძინა.

1989 წელს ბერნარ არნომ თავის საქმიანობაში ყველაზე დიდი გარიგება განახორციელა: 1,8 მლრდ. დოლარად ჰოლდინგ LVMH-ის აქციათა 24% შეიძინა. ჰოლდინგი თავის დროზე ალკოჰოლურ კონგლომერატად (რამდენიმე ბრენდის გაერთიანება) Moet Hennessy-სა და ძვირფასი ტყავის ნაწარმის მწარმოებელ კომპანია Louis Vuitton-ის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა. ეს გარიგება ყველაზე უხეში გარიგების სახელით შევიდა საფრანგეთის ბიზნესისტორიაში. უფრო ზუსტად, უხეში შთანთქმის, მიერთების სახელით. სწორედ ამ გარიგების შემდეგ მონათლეს ბერნარ არნო დიდი კაპიტალის მქონე ბოროტ გენიად. დამწყებმა მაგნატმა უბოდიშოდ დაითხოვა კომპანიის ძველი ხელმძღვანელობა და თანამშრომლები და ისინი ერთი წელი სასამართლო პროცესებზე ატარა. ასეთი და სხვა მსგავსი ქცევა კიდევ უფრო ამყარებდა შეფასებებს ბიზნესმენის დაუნდობლობისა და ცინიზმის შესახებ.

ფინანსური ელიტა კი, პირველ რიგში, კერძო ინვესტორები, პატივისცემით არიან განწყობილი ბიზნესმენის მიმართ. მათ სწორედ არნოს ხასიათის სიმკაცრე და გააზრებულ რისკზე წასვლა ხიბლავთ. “ისეთი ადამიანი, როგორიცაა არნო, სამაგალითოა მთელი ფრანგული ეკონომიკური ელიტისთვის”, - ამბობს მსხვილი საინვესტიციო ფონდის LBO France-ის ყოფილი ხელმძღვანელი და აწ უკვე მეწარმე ჟილ კაენ სალვადორი.

მაგნატს მადა ჭამაში უფრო და უფრო მოსდის

90-იან წლებში ბერნარ არნომ თანამიმდევრულად გააგრძელა LVMH-ის გაფართოება. ამას ის ჩვეულ სტილში, ახალი ბრენდების მიერთებით აკეთებდა, სწორედ ამ დროს გაზარდა ბიზნესმენმა ჰოლდინგის აქტივები ცნობილი მარკებით - Givenchy-თა და TAG Heuer-ით. ბუნებრივია, ეს მაგნატის იმპერიაზე ფინანსურად აისახა. მართალია, 90-იან წლებში LVMH-ის შემოსავლები პერმანენტულად გაიზარდა, თუმცა, მოგება საგრძნობლად შემცირდა. 2000 წელს მოგების მაჩვენებელი რეკორდულად დაბალი - 17% იყო, მაშინ, როცა 1995 წელს ეს მაჩვენებელი 26%-ზე დაბლა არ ჩამოსულა.

მაგნატისთვის ყველაზე რთული 2001 წელი აღმოჩნდა. ანალიტიკოსები LVMH-ის ფასიანი ქაღალდების შესყიდვაზე რეკომენდაციებს ნაკლებად გასცემდნენ. როგორც ლონდონის სკოლის ეკონომისტი, სამომხმარებლო ბაზრის ექსპერტი პოლ მეიზდენი აღნიშნავს, 90-იანი წლების ბოლოს ბევრს აღარ ესმოდა, როდემდე და რამდენი კომპანიის შთანთქმა შეეძლო არნოს ჰოლდინგს.ცხადი იყო, რომ კაპიტალი არარაციონალურად ნაწილდებოდა.

ბერნარ არნოს საქმიანობის ამ პერიოდის მიმოხილვისას ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჰოლდინგის შემოსავლების 60% Louis Vuitton-ზე მოდიოდა. სხვა სავაჭრო მარკები პასიურობდნენ. მიუხედავად ამისა, მაგნატი ჯიუტად აგრძელებდა თავის აღებულ კურსს და იმედიანად იყო განწყობილი. მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ LVMH-ში შემავალი უამრავი სავაჭრო მარკა წამყვანი ბრენდების გვერდით ღირსეულ ადგილს მალე დაიმკვიდრებდა. “ჩვენ მათ ვარსკვლავებად ვაქცევთ. ამისთვის მხოლოდ დროა საჭირო. ჩვენ კი არსად გვეჩქარება, დრო გვაქვს”, - ასე ფილო­სოფიურად უდგებოდა საკითხს ბიზნესმენი.

უნდა ითქვას, რომ ეს ერთგვარი დროებითი პაუზა წაადგა კომპანიას, რომლის ფინანსური მაჩვენებლებიც გაუმჯობესდა. ამან საშუალება მისცა კომპანიას, ფინანსები სხვადასხვა სეგმენტში გადაენაწილებინა. Givenchy, Pucci, Marc Jacobs-ი, Loewe, Zenith-ი და სხვა მარკები ფინანსურად უფრო და უფრო მომგებიანნი გახდნენ. ბუნებრივია, ეს მაგნატს ახარებს და თავის შესაძლებლობებში კიდევ უფრო არწმუნებს.

“მე მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის. მომავალს იმედით ვუყურებ. კომპანიის გაფართოება ჩემი ყოველდღიური სამუშაო და ამავე დროს ჩემი დიდი ჟინია. ჩვენ შევძელით LVMH-ი მსოფლიოში ნომერ პირველ კომპანიად გვექცია. მაგრამ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები ჯერ წინ გვაქვს!” - აცხადებს ფრანგი მაგნატი ბერნარ არნო.

გამოყენებულია „ეკოპალიტრის" მასალები