რა შემოსავალზე მუშაობს და ვის ეკუთვნის  „თბილისი მოლი“ - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს

სავაჭრო ცენტრმა „თბილისი მოლმა“, რომელიც 2012 წელს გაიხსნა, 2018 წელი მცირე ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშგებაშია აღნიშნული.

ცნობისთვის, „თბილისი მოლს“, რომლის იურიდიული დასახელებაც შპს „რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტია“, 2019 წლის ანგარიშგება არ აქვს გამოქვეყნებული, შესაბამისად, „ბიზნესპრესნიუსი“ კომპანიის 2018 წლის ფინანსურ მაჩვენებლებს გთავაზობთ.

როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, კომპანია მე-2 კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე; შემოსავალი 20 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-დან 250 ადამიანამდეა.

ამასთან, 2018 წლის ბოლოს „თბილისი მოლის“ შემოსავალი - 24,637 მლნ ლარი, მათ შორის საიჯარო შემოსავალი მოიჯარეებისგან - 23,715 ლარი; შედეგი საოპერაციო საქმიანობიდან - 22,603 მლნ ლარი; ზარალი და წლის მთლიანი სრული ზარალი კი - 136 ათასი ლარი იყო. 2018 წლის ანგარიშგების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში კომპანიის საკუთრებაში - 142,333 მლნ ლარის აქტივები იყო.

კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საცალო ვაჭრობის და დასასვენებელი კომერციული ფართების უზრუნველყოფა „თბილისი მოლის“ სავაჭრო და გასართობ კომპლექსში. როგორც 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებაშია აღნიშნული, კომპანიის 84.7%-იანი წილის მფლობელი შპს „რაკიინ დეველოპმენტი“, ხოლო 15.3%-იანი წილის მფლობელი - „ღია სააქციო საზოგადოება რაკიინ დეველოპმენტია“ (არაბთა გაერთიანებული საამიროები).

თაია არდოტელი