მოსახლეობის გაზიფიცირების 2019-2021 წლის გეგმა საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა

მოსახლეობის გაზიფიცირების 2019-2021 წლის გეგმა საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა. ამის შესახებ „ინტერპერსნიუსს“ გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამწლიანი გეგმის ფარგლებში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, 295 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებას განახორციელებს, ჩაატარებს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს, რისთვისაც 209 მლნ ლარი დაიხარჯება.

„2019 წელს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ, გაზიფიცირების სამუშაოები განხორციელდა 7 რეგიონის 20 მუნიციპალიტეტის 41 დასახლებულ პუნქტში. ჯამში აშენდა 702 485,3 გრძივი მეტრი გაზსადენი და 10 820 აბონენტს საშუალება მიეცა ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.

ამჟამად, სხვადასხვა რეგიონის 20 დასახლებულ პუნქტში, მიმდინარეობს გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც 2020 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.

სამშენებლო სამუშაოების დროს უმეტეს შემთხვევაში დასაქმებულია ადგილობრივი კადრები.

2019 წელს მომზადდა სხვადასხვა რეგიონის, 145 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირების სამუშაოებისთვის საჭირო პროექტი.

განხორციელებულია 407 დასახლებული პუნქტის წინასაპროექტო მოკვლევა, რომლის შესახებ ინფორმაცია გადაეცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს“, - აღნიშნულია გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.