მაია ცქიტიშვილმა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2019 წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, დღეს, მუნიციპალური განვითარების ფონდის 2019 წლის ანგარიში წარადგინა.

ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იუწყებიან.

„ფონდის პროექტები ძირითადად რეგიონებში ხორციელდება და სხვა სფეროების მსგავსად, ამ მიმართულებითაც, გასულ წელს, ასევე რეკორდული მაჩვენებლები გვქონდა. მოხერხდა არაერთი ისტორიულ-კულტურული ძეგლის რეაბილიტაცია და ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა, სპორტული ნაგებობების მშენებლობა, საგზაო და წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობა და მათ შორის, გამყოფი ხაზის სოფლებში, ასევე ფონდის ეგიდით მიმდინარეობს დევნილთა საცხოვრებელი სახლების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა. მუნიციპალური განვითარების ფონდის ბიუჯეტი 2019 წელს 367 მლნ ლარი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 30%-ით მეტია და ამ თანხის სრულად ათვისება მოხერხდა. დაახლოებით 250 პროექტი დაიწყო ფონდმა გასულ წელს, საიდანაც 70 პროექტი უკვე დასრულებულია,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მუნიციპალური განვითარების ფონდის დასრულებულ მნიშვნელოვან პროექტებს შორისაა: ვანის მუზეუმის მშენებლობა, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია, ბათუმისა და ქობულეთის ნაპირდაცვის სამუშაოები, ასურეთის შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია და სხვა.

„მხოლოდ 2019 წელს ამ პროექტებზე დასაქმებული იყო 15 000 ადამიანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ქართულ კომპანიებს ვეხმარებით, რათა გაძლიერდნენ და მიიღონ გამოცდილება, რაც ადგილობრივ თუ უცხოურ ბაზარზე მათზე მოთხოვნილებას გაზრდის. ჩვენ გვჭირდება ბევრი პროფესიონალი და კონკურენტული კომპანია, რადგან კიდევ უფრო მასშტაბურია 2020 წლის გეგმები,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდის საქმიანობის მიზანია ქვეყნის რეგიონებში გააჩინოს ახალი შესაძლებლობები, მოიზიდოს მეტი ტურისტი, გააუმჯობესოს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.

აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.