რეგულაციები ხმაურიანი ბიზნესის წინააღმდეგ

რესტორნებისა და კაფე-ბარების მეპატრონეები ეჭვობენ, რომ ახალი რეგულაციები მათ ბიზნესს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

უახლოეს დღეებში თბილისის საკრებულო ღამის საათებში ხმაურის აკრძალვასა და მის აღსაკვეთათ შესაბამისი რეგულაციების, ჯარიმების დაწესებაზე იმსჯელებს. საუბარია რესტორნებში, კლუბებსა და ბარებში ხმამაღალ მუსიკასა და ფოიერვერკების გაშვებით გამოწვეულ ხმაურზე. აღნიშნული ინიციატივის ავტორი დეპუტატი ალეკო ელისაშვილია. ახალი რეგულაციის პირველადი ვერსიით ხმამაღალი მუსიკა და ზედმეტი ხმაური ღამის 11 საათიდან დილის 7 საათამდე უნდა აიკრძალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეები გამოიძახებენ ზედამხედეველობის სამსახურს, რომელიც სპეციალური აპარატით იქნება აღჭურვილი და თუ ხმაურის მაჩვენებელი 41 დეციბელზე მეტი იქნება, დამრღვევს სოლიდურ ჯარიმას გამოუწერენ. "ასევე უნდა გაიზომოს მოტოციკლების ხმური, ფოიერვერკებზეც აუცილებელია რეგულაციის დაწესება. მე პირადად ვემხრობი, რომ  ჯარიმა მინიმუმ 1000 ლარი იყოს," - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ბუნებრივია, რომ ხმაურის ამკრძალავი რეგულაცია გარკვეულწილად იმოქმედებს პიროტექნიკით მოვაჭრეთა ბიზნესზე და კაფე-რესტორნების გარკვეულ კატეგორიაზე. პიროტექნიკის რეალიზატორი კომპანიები ამბობენ, რომ ზოგჯერ 24 საათის განმავლობაში უწევთ მუშაობა და შესაბამისად ღამის საათებში მათი პროდუქციის გამოყენება გაყიდვების მაჩვენებელზე აუცილებლად აისახება. თუმცა, ყველაზე მეტად მაინც ის აწუხებთ თუ ვის დაეკისრება ჯარიმა ფოიერვერკის არასათანადო დროს გამოყენების შემთხვევაში - მომხმარებელს თუ კომპანიას, რომლისგანაც მომხმარებელმა ის შეიძინა?

ალექსი ორლოვი, შპს "ფოიერვერკების სააგენტოს" ხელმძღვანელი:

"ძალიან ბევრი მომხმარებელია, რომელიც ამ პროდუქციას ღამით ყიდულობს, ჩვენ კი ვურჩევთ, რომ ფოიერვერკი ღამის საათებში არ გაუშვან, მაგრამ ამას ყველა არ ითვალისწინებს. ნებისმიერ დროს მოდიან და ყიდულობენ - ქორწილის დროს, დაბადების დღეებზე, ზოგიერთი სიყვარულის ახსნის დროსაც კი უშვებს ფოიერვერკს. როდესაც ეს რეგულაცია ძალაში შევა იმედია ჩვენი კლიენტები უფრო ფრთხილად იქნებიან და ქალაქის ქუჩებში გვიან აღარ იხმაურებენ. ზოგჯერ ღამის პირველ საათზე მოდიან და ყიდულობენ, ბუნებრივია, ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, როდის გამოიყენებს კლიენტი ჩვენს პროდუქციას. თუ პიროვნებამ შეიძინა ფოიერვერკი და ღამის საათებში გაუშვა, მაშინ ჯარიმა ჩვენ არ უნდა შეგვეხოს, მაგრამ თუ მე მივედი, ავაწყვე ფოიერვერკი და საკუთარი ხელით გავუშვი, მაშინ რა თქმა უნდა, მე უნდა დამაჯარიმონ".

გიორგი გრიგალაშვილი, ინტერნეტ-მაღაზია "სქაილანთერნის" დამფუძნებელი:

"შეიძლება ჯარიმებმა მომხმარებელი შეგვიმციროს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მთლიანობაში ეს ჩვენს ბიზნესზე სერიოზულად ვერ იმოქმედებს. უფრო მეტიც, მსგავსი რეგულაციების შემოღება ყველასათვის მისაღებია იმიტომ, რომ ღამის საათებში ზედმეტი ხმაურისაგან მოსახლეობა ძალიან წუხდება. ჩვენი კლიენტებიც ეცდებიან ფოიერვერკების გაშვება 11 საათამდე მოასწრონ, ალბათ ახალი წლის პერიოდში გამონაკლისს დაუშვებენ, მაგრამ ისე თავისუფლად, როგორც ახლა იქცევიან, ვერავინ მოიქცევა. დიდ ფოიერვერკებს დასახლებულ პუნქტებთან ჩვენც არ ვუშვებთ, თუმცა ყველა კლიენტს, რომელიც ჩვენს ნაწარმს ყიდულობს, ვერ გავაკონტროლებთ. სხვათა შორის, მსგავსი რეგულაციები ბათუმში უკვე ზაფხულში შემოიღეს, მაგრამ ამის გამო პრობლემები არავის შექმნია. იქაც, 11 სათის შემდეგ ხმაური არ შეიძლება, თუ ქალაქში დიდი ღონისძიება არ ტარდება და ყველაფერი მერიასთან არ არის შეთანხმებული. ჩვენი ვალდებულებაა გავაფრთხილოთ მომხმარებელი, რომ პიროტექნიკა ღამის საათებში არ გამოიყენოს, მაგრამ ამ გაფრთხილებას ყველა როდი ასრულებს. მართალია, ბოლო დროს დამკვიდრდა ტრადიცია, რომ დაბადების დღეზე ფოიერვერკებს ღამის 12 საათზე უშვებენ, მაგრამ როცა კანონი მოითხოვს, ამ ტრადიციაზე უარის თქმა ნამდვილად ღირს".

რესტორნებისა და კაფე-ბარების მეპატრონეები ეჭვობენ, რომ ახალი რეგულაციები მათ ბიზნესს მნიშვნელოვნად დააზარალებს. ამ ბიზნესის წარმომადგენლები მოსალოდნელი ცვლილებებით გამოწვეულ უკმაყოფილებას არც მალავენ.

ნუგზარ მაჭარაშვილი- რესტორან ”ძველი მეტეხის” დირექტორი: ”ძალიან ბევრი კაფე-ბარი და კლუბი სწორედ ისეთ კლიენტურაზეა გათვლილი, რომელსაც ხმამაღალი მუსიკის მოსმენა მოსწონს. ამ შემთხვევაში ასეთი დაწესებულებები კლიენტების მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავენ. თუ ასეთი რეგულაციის შემოღაბას აპირებდნენ, მაშინ სახელმწიფოს თავიდანევ უნდა ეზრუნა, რომ კაფე-ბარები და რესტორნები ხალხმრავალ ადგილას არ აშენებულიყო. როდესაც ბიზნესი წამოწყებულია, იქ უკვე ძნელია რაიმეს შეცვლა. მაშინ არც იმ ბარისა და რესტორნის მეპატრონე დახარჯავდა ფულს და საქმეს სულ სხვა ადგილას წამოიწყებდა, თუმცა, ზოგიერთი ბარისა და რესტორნის მუშაობა წყნარ მუსიკაზეა გათვლილი, იმათ ეს ნაკლებად დააზარალებს. საბედნიეროდ, ჩვენი ბიზნესიც უფრო უცხოელებზეა გათვლილი და ძირითადად წყნარი მუსიკა გვაქვს ჩართული, თუმცა ზოგჯერ ისეთი ბანკეტებიც იმართება, სადაც ხალხმრავლობაა და სტუმრები ხმამაღალ მუსიკას უსმენენ. ასეთი ბანკეტების მოწყობა ალბათ ძალიან გაგვიჭირდება”.

ხათუნა ჩიგოგიძე