Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 54 დოლარამდე დაეცა

ლონდონის სავაჭრო ბირჟაზე გუშინდელი ვაჭრობის შედეგად Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 4,9%-ით შემცირდა და 53,98 დოლარი შეადგინა ბარელზე. აღნიშნული ფასი თბილისის დროით 04:10 საათზე დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს 54 დოლარზე დაბლა Brent-ის ფასი 2019 წლის 3 იანვარს იყო.

ანალიტიკოსების განცხადებით, ნავთობის ფასზე კვლავინდებურად უარყოფითად მოქმედებს ჩინეთში გამოვლენილი ახალი კორონავირუსის შესახებ გავრცელებული ინფორმაციები. ამ ქვეყანაში სამუშაო აქტივობისა და ტურიზმის შენელების ფონზე ნავთობზე მოთხოვნამ 20%-ით იკლო, რაც გამოიხატება 3 მილიონ ბარელით კლებაში.

ცნობისთვის, ჩინეთში, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ერთ დღეში 64-ით - გაიზარდა და 425-ს მიაღწია. ამ დრომდე ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 20,438 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. რაც შეეხება ჩინეთის ფარგლებს გარეთ, 23 ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 151 ადამიანს დაუდასტურდა.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს ჩინეთიდან კორონავირუსის გავრცელების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო ვითარება გამოაცხადა.

კოკა კვირკველია