"სითი პარკთან" დადებულ ხელშეკრულებას საერთაშორისო აუდიტორული კომპანია შეისწავლის

კომპანია "სითი პარკთან" დადებულ ხელშეკრულებას კვალიფიციური საერთაშორისო აუდიტორული კომპანია შეისწავლის, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

თბილისის მთავრობის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომის დასაწყისში დედაქალაქის მერმა ორი განცხადება გააკეთა, რომელთაგან ერთი კომპანია "სითი პარკთან" დადებული ხელშეკრულების გადახედვის აუცილებლობას ეხებოდა. ნარმანიას განცხადებით, ქალაქის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო "სითი პარკთან" დადებული ხელშეკრულება დამატებით კვალიფიციურმა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ შეისწავლოს. მისივე თქმით, სამართლებრივი და ფინანსური ანალიზი გაკეთდება, რათა ქალაქის ხელმძღვანელობას ჰქონდეს მყარი არგუმენტები და დასკვნა, რატომ არის აუცილებელი კომპანიასთან დადებული კაბალური ხელშეკრულების შეცვლა, მასში დამატებების შეტანა, რათა ხელშეკრულება თბილისელებისათვის უფრო სასარგებლო გახდეს.

კომპანია "სითი პარკთან" თბილისის მერიამ ხელშეკრულება 2006 წელს გააფორმა.