ქართული ეკონომიკის 5 ძირითადი პრობლემა

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტმა შოთა გულბანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ის 5 ძირითადი პრობლემა დაასახელა, რომელიც ქართულ ეკონომიკას აქვს.

აღნიშნულით გულბანი ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს გამოეხმაურა. კერძოდ, „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2019 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 3.8 % შეადგინა, ხოლო 2019 წლის საშუალო რეალური ზრდა 5.2 %-ით განისაზღვრა.

შოთა გულბანმა მშპ-ს დათვლის მეთოდოლოგიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სულ უფრო კარგავს აქტუალობას და არ იძლევა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ცხოვრების დონის განსაზღვრის საშუალებას.

„მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა ციფრებში იზომება, ხშირად ამ ციფრებს მიღმა არის ისეთი მნიშვნელოვანი ნიუანსები, რომელთა არ გასაჯაროვება, არ ცოდნა იწვევს არასწორ წარმოდგენებს და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან მიმარებითაც არასწორ მოლოდინებს აჩენს. არსებული ეკონომიკური ზრდა იმის მიხედვით კი არ უნდა განვსაზღვროთ, აზერბაიჯანს ან სომხეთს გავასწარით თუ არა, არამედ უნდა განსაზღვროთ, ეკონომიკურმა ზრდამ დროის კონკრეტულ მონაკვეთში რა მოუხერხა ადამიანების ცხოვრების დონეს.

კერძოდ, რაღაც გზებით, უნდა დავადგინოთ, ამ 5,2-%-ანმა ზრდამ მოსახლეობის ცხოვრების დონე გააუარესა თუ პირიქით. აქ აბსოლუტურ უმრავლესობაზეა საუბარი. ჩვენ ვიცით, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ზომავს დროის კონკრეტულ პერიოდში ეკონომიკაში არსებულ პოროდუქტებსა და მომსახურების ფასების საბაზრო ჯამს, შესაბამისად, ეს არ არის კარგი მაჩვენებელი პროგრესის. მაგალითად რომ გითხრათ, თუ თქვენ მოგივიდათ ავტოსაგზაო შემთხვევა, დააზიანეთ თქვენი ჯანმრთელობა, ავტომობილი, ასევე, სხვისი ინფრასტრუქტურა, წარმოგექმნებათ დაუგეგმავი ვალდებულებები. ამით თქვენი ცხოვრების დონე გაუარესდა, თუმცა იმის გამო, რომ თქვენი ვალდებულებები ვიღაცისთვის არის მომსახურებიდან გაწეული შემოსვალი, ამან მთლიანი შიდა პროდუქტის ფრომირებაზე დადებითად იმოქმედა.

შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მშპ-ს გაზომვის არსებული მეთოდი სულ უფრო კარგავს აქტუალობას. ის არ არის კარგი საზომი პროგრესის. ამით ვერ ვგებულობთ მოსახლობის აბსოლუტური უმრავლესობის ცოვრების დონე გაუმჯობესდა თუ გაუარესდა. ამიტომ, ჩვენნაირი ტიპის ეკონომიკისთვის, წინა პლანზე წამოდის უფრო ინკლუზიურობის მაჩვენებელი. მაგალითად, ისეთი როგორიც არის სიღარიბის მაჩვენებელი, იგივე ჯინის კოეფიციენტი, სოციალური უთანასწრობის მაჩვენებელი, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენნაირი ტიპის ეკონომიკისთვის, იგივე მშპ-ს დათვლის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე. იმიტომ, რომ უთანასწორობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია ჩვენ ქვეყანაში, რაღაც კონკრეტული ჯგუფის კეთილდღეობის ზრდის ხარჯზე, შესაძლოა, შიდაპროდუქტი გაგვეზარდოს, მაგრამ არ გაიზარდოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მდგომარეობა“,- განაცხადა შოთა გულბანმა.

ამასთან, „აფბას“ რეზიდენტი ასახელებს იმ 5 ძირითად პრობლემას, რომელიც ქართულ ეკონომიკას აქვს:

პირველი - ეს არის არადივერსიფიცირებული ფინანსური სისტემა და ძვირი ფული. დიახ, დღეს საკრედიტო ბაზარზე ფული არის ძვირი და ასე რომ არ იყოს, მთავრობა იძულებული არ გახდებოდა, პროცენტის თანადაფინანსება მოეხდინა ბიზნესისთვის.

მეორე - ეს არის მაღალდოლარიზებული ეკონომიკა, რაც ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის. ამის მიზეზია არასტაბილური კურსი, მოქალაქეები დანაზოგების ფორმირებისას უპირატესობას ანიჭებენ უცხოურ ვალუტას, რაც არაეფექტიანს ხდის ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ მონეტარულ პოლიტიკას და მის ფუნქციებს საერთოდ ასუსტებს. მიუხედვაად იმისა, რომ ხელსუფლებამ ლარიზაციის პროგრამა დაიწყო, წარმოიდგინეთ, სესხების დოლარიზაცია მცირედით შემცირდა (57%-მდე), ხოლო დეპოზიტების დოლარიზაცია პრაქტიკულად არ შეცვლილა, 64%-ზეა გაყინული. ამ ფონზე ჩვენი ეკონომიკა არის ძალიან მოწყვლადი, საგარეო შოკების მიმართ და ეს არის ურთულესი ამოცანა, როგორც მონეტარული, ისე ფისკალური ხელისუფლებისთვის რომ დოლარიზაციის დონე შეამციროს.

მესამეა არასტაბილური პოლიტიკური სისტემა. იმიტომ, რომ ეს ძალიან დიდი ზიანს აყენებს ეკონომიკურ განვითარებას. წარმოიდგინეთ, რამდენი პოლიტიკური პარტიაც არის, იმდენი უტოპიური და პოპულისტური გეგმები არსებობს ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით. მაგალითად, გადასახადების გაუქმება, პენსიების ზრდა და ა.შ. ანუ ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით არასერიოზული მიდგომებია.

მეოთხე - არანაკლები პრობლემაა განვითარების გეგმის არქონა. ჩვენ არ ვიცით საით მივიდვართ, როგორ, რა კონცეფცია გვაქვს, ეკონომიკური განვითარების რა მოდელს ვემხრობით, მემარცხენეები ვართ, თუ მემარჯვენეები. მოკლედ, ძალიან არეულები ვართ და არ გვაქვს რაიმე გეგმა, რომელიც იქნება ბიბლიური დოკუმენტი და მას არცერთი მთავრობა არ გადაუხვევს. რაც მე ძალიან მეეჭვება, რადგან როგორც წესი, ერთი მთავრობა მეორის მიერ გატარებულ რეფორმებს ანულირებას უკეთებს.

მეხუთე პრობლემა ეს არის წარმოების არ ქონა. ხელისუფლება ყველა შესაძლო გზით უნდა ეცადოს, რომ გაზარდოს მოქალაქეების ცხოვრების დონე. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია იმით, რომ ადამინებს გავუჩინოთ შემოსავალი, ამისთვის კი საჭიროა სამუშაო ადგილები, რისი გაჩენაც წარმოების სექტორშია შესაძლებელი.

ნინი ქეთელაური