„ჩვენი სოციალური პოლიტიკის უმთავრესი მიზანია ვებრძოლოთ სიღარიბის მიზეზებს და არა სიმპტომებს"

პარლამენტის სხდომაზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა საზოგადოებას სამინისტროს სიღარიბესთან ბრძოლის გეგმა გააცნო. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ადამიანის თავისუფალ არჩევანს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მისი ფინანსური დამოუკიდებლობა.

„ჩვენი სოციალური პოლიტიკის უმთავრესი მიზანია ვებრძოლოთ სიღარიბის მიზეზებს და არა სიმპტომებს. ჩვენ ვართ მთავრობა, რომელსაც აქვს მიზანი მოქალაქეს გვერდით დაუდგეს არა პაკეტებით წარმოდგენილი ჯანდაცვის და სოციალური შემწეობით, არამედ შეუქმნას დამოუკიდებელი არჩევანის შესაძლებლობა მოქალაქის პირადი აქტივობის საშუალებით“, -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, სიღარიბის მიზეზებთან ბრძოლაში მთავარი ინსტრუმენტი დასაქმება, განათლება და ბავშვებზე ზრუნვის გაუმჯობესებაა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აქტიურად დაიწყება სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების ხელშეწყობა, რაც მოქალაქეს ფინანსურად ბევრად დამოუკიდებელს გახდის.

„საარსებო შემწეობის მიმღებთა 46,5% შრომისუნარიანი პირია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ნაცვლად სოციალური დახმარებისა უნდა ჰქონდეთ სტაბილური სამსახური და შემოსავალი იმისათვის, რომ დასაქმების დემოტივატორი აღარ იყოს დახმარების მოხსნის საშიშროება, 1 წლის განმავლობაში დასაქმებულ პირს შემწეობა შეუნარჩუნდება. ხოლო მომდევნო ერთი წელი ოჯახს უნარჩუნდება ბავშვის 50 - ლარიანი ბენეფიტი, სარეიტინგო ქულა და მასთან ერთად ქულაზე დამოკიდებული სხვა ბენეფიტები.

დასაქმების პოლიტიკის განხორციელების საქმეში ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მონაწილეობს ბიზნეს სექტორი, განათლების, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროები. მათ უკვე არაერთხელ აჩვენეს მაღალი პასუხისმგებლობა უმუშევრობის დაძლევის საკითხში, ამიტომ ჩვენი ერთობლივი სამომავლო საქმიანობა აუცილებლად მიაღწევს მიზანს - ქვეყანას ჰყავდეს მეტი დასაქმებული, მეტი ფინანსურად დამოუკიდებელი მოქალაქე, რაც ყოველი ოჯახის და საერთო ჯამში ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის საფუძველია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, მინისტრმა სოციალურად დაუცველ პირთა საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, რომ დაიწყო ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის ინტენსიური გადამოწმება, რათა შემწეობა მიიღონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროება.

ტიკარაძის თქმით, ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმების დღეს არსებულ პროცედურასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ხელახალი გადამოწმების დროს ოჯახის შესწავლას სჭირდება საშუალოდ 20 დღე, შესწავლიდან ერთ თვეში ხდება სპეციალური მეთოდოლოგიით დადგენილი ახალი სარეიტინგო ქულის ძალაში შესვლა. მისივე თქმით, ახალი ქულის მინიჭების შემდეგ საშუალოდ 20 დღეში ხორციელდება დახმარების განახლება. „მნიშვნელოვანია, რომ გადამოწმების პერიოდში ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი უნარჩუნდება“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, ახალი ქულის მინიჭებამდე, საარსებო შემწეობის დარიცხვა უწყვეტად მოხდება.

„ოჯახების შეფასების პროცესის კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობის მიზნით, უახლოეს პერიოდში სოციალური აგენტები აღიჭურვებიან სამხრე კამერებით და ციფრული მოწყობილობებით, რათა დეკლარაციაში ინფორმაცია იყოს არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ვიზუალურად ასახული. ეს იქნება კიდევ ერთი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს როგორც აგენტის სუბიექტური შეფასება, ისე სისტემური შეცდომები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.