„1-ელი ოქტომბრის შემდეგ, „სტერეო პლუსს“, თუ არ მეშლება, 204 ათას ლარამდე აქვს დავალიანება გაზრდილი - ამის დაფარვის შემთხვევაში, ინკასო მოეხსნებათ"

პირველი ოქტომბრის შემდეგ, შპს „სტერეო პლუსს“ თუ არ მეშლება, 204 ათას ლარამდე გაზრდილი დავალიანება აქვს. ამ დავალიანების დაფარვის შემთხვევაში, ინკასო მოეხსნებათ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც შპს „სტერეო პლუსისთვის” ინკასოს დაწესების საკითხს გამოეხმაურა.

მინისტრი ვარაუდობს, რომ ამ ინკასომ მაუწყებლობის გაჩერება არ უნდა გამოიწვიოს.

„ძველ დავალიანებაზე იქნება მსგავსი მიდგომა, რაც სხვა ტელევიზიების მიმართაა“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

რაც შეეხება სხვა ტელევიზიების დავალიანებასთან დაკავშირებით არსებულ მოლაპარაკებას, მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება და მოითხოვა, რომ ყველა ტელევიზიამ პირველი ოქტომბრის შემდეგ დაგროვილი ვალი გადაიხადოს და მომავალში ვალი აღარ დააგროვოს.

მინისტრის განმარტებით, ძველ ვალებზე გაიწელა შეთანხმების პროცესი, იქიდან გამომდინარე, რომ ტელევიზიებს გაუჭირდათ იმ ვადაზე შეთანხმება, რასაც ხელისუფლება ითხოვდა, ხელისუფლებისთვის კი ხანგრძლივი აღმოჩნდა ის ვადა, რომელიც ტელევიზიებმა მოითხოვეს.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მოვთხოვეთ ყველა ტელევიზიას, პირველი ოქტომბრის შემდეგ, რაც კი ვალი დაგენერირდა გადაიხადონ და სამომავლოდ არ ხდებოდეს ამ ვალების დაგროვება და მეორე ნაწილი იყო, თუ რას ვუშვებოდით ძველ ვალებს. ძველ ვალებზე გაიწელა შეთანხმების პროცესი იმიტომ, რომ მართლა უჭირდათ და ძნელი იყო მათთვის იმ ვადებზე შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ვითხოვდით, თუმცა ასევე იმათი შემოთავაზებული ვადებიც საკმაოდ გრძელი გვეჩვენებინა ჩვენ.

შემოთავაზებული იყო სხვადასხვა ვადები, მათ შორის, 10-მა წელმაც გაიჟღერა, ინტენსიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ „მინისტრის საათის“ დროს უკვე მეცოდინება შეთანხმების ზუსტი პირობები და იქ გავაჟღერებ. მაგრამ ამავდროულად ის პირობა, რომ ვალი არავის არ უნდა დაუგროვდეს და ეს არ უნდა გენერირდებოდეს, რასაკვირველია, ეს პირობა დაცული უნდა იყოს. მინდა გითხრათ, რომ ფისკალურად ძალიან მნიშვნელოვან თანხაზეა საუბარი. ანუ ჩვენ რომ ვნახოთ, 2020 წელში რა თანხას ველოდებით აქედან იმ პირობებში, რომ ყველა კეთილსინდისიერად გადაიხდის, იქნება ძალიან შთამბეჭდავი“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.