ევროკავშირი - გაცვლითი კურსის არამდგრადობა, საქართველოს ფინანსურ სექტორს დაუცველს ხდის

გაცვლითი კურსის არამდგრადობა, მაღალი დოლარიზაციის მქონე ეკონომიკის პირობებში და ასევე, საგარეო ვალი (მშპ-ს 109%) საქართველოს ფინანსურ სექტორს გაცვლითი კურსის რისკის მიმართ, დაუცველს ხდის. ამის შესახებ ევროკავშირის რიგთ მეოთხე ანგარიშშია ნათქვამი.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2019 წელს მაკროეკონომიკური პერსპექტივა სტაბილური რჩებოდა, თუმცა დაღმავალი რისკების შემცველობით.

„2019 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში ეკონომიკის ზრდის ტემპი შარშანდელთან შედარებით 5%-ს აღემატებოდა, მაგრამ იგი კვლავ მოწყვლადი რჩება გარეგანი მოვლენებით განპირობებული ზეგამვლენი ეფექტების მიმართ, როგორიც არის გლობალურ ვაჭრობაში მზარდი დაძაბულობა, ძირითადი სავაჭრო პარტნიორების (მაფალითად, თურქეთის) ეკონომიკური მაჩვენებლები და ფინანსური ბაზრის არასტაბილურობა.

ინფლაცია თანდათანობით გაიზარდა 7% -მდე 2019 წლის ნოემბერში (3%-იან სამიზნეზე მაჩვენებელზე მეტად). უფრო მაღალი ინფლაციისა და ინფლაციური მოლოდინების გამო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) რეფინანსირების განაკვეთი აგვისტოში 6.5%-დან დეკემბერში 9%-მდე გაზარდა. 2019 წლის პირველ ნახევარში ქართულმა ლარმა გაუფასურება განიცადა და წლის მეორე ნახევარში კვლავ არასტაბილური დარჩა; მთლიანობაში მან ევროსთან მიმართებაში ღირებულების 5% და აშშ დოლართან მიმართებაში 9% დაკარგა.

გაცვლითი კურსის ეს არამდგრადობა მაღალი დოლარიზაციის მქონე ეკონომიკის პირობებში (დეპოზიტების 62% და სესხების 56% უცხოური ვალუტის ნომინალში არის გამოხატული) და ასევე საგარეო ვალი (მშპ-ს 109%) საქართველოს ფინანსურ სექტორს გაცვლითი კურსის რისკის მიმართ დაუცველს ხდის. ხელისუფლება ცდილობს ფისკალური დეფიციტის მშპ-ს 2.6%-მდე შემცირებას (2019 წელს 2.9% -დან), იმ მოლოდინით, რომ ახალი პრიორიტეტების ასასახად ხარჯების სტრუქტურა შეიცვლება, რაც განათლების რეფორმის განხორციელებას და კაპიტალის ხარჯვის ზრდას მოიცავს“,-ნათქვამია ანგარიშში.

ნინი ქეთელაური