რა შემოსავალი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ „ქართუ ჯგუფს“ – 2018 წელი ჯგუფმა ზარალზე იმუშავა

ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული „ქართუ ჯგუფის“ 2018 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, კომპანია 1-ელ კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს აღემატება.

რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, 2018 წლის ბოლოს „ქართუ ჯგუფი“ 1 270 909 000 ლარის აქტივებს ფლობდა. ამასთან, ანგარიშგების თანახმად, ჯგუფმა 2018 წელი ზარალით დაასრულა. კერძოდ, 2018 წლის ზარალი - 6,109 მლნ ლარი იყო. ჯგუფის - წმინდა საპროცენტო შემოსავალი 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - 62,847 მლნ ლარი; წმინდა შემოსავალი სადამზღვევლო საქმიანობისგან - 668 ათასი ლარი იყო.

ცნობისთვის, სააქციო საზოგადოება “ქართუ ჯგუფი” რეგისტრირებულია საქართველოში 1996 წლიდან. ჯგუფის ძირითად საქმიანობას საბანკო კომერციული საქმიანობა, სადაზღვევო საქმიანობა, სესხებისა და გარანტიების გაცემა, ოპერაციები ფასიანი ქაღალდებით, უცხოური ვალუტით, აგრეთვე დეპოზიტების მოზიდვა წარმოადგენს.

ჯგუფის შვილობილ კომპანიებს შორისაა, მათ შორის: „ბანკი ქართუ“, აიპ „ფონდი ქართუ“, სს „კრედიტი 2018“ და ა.შ. ამასთან, როგორც კონსოლიდირებულ ანგარიშგებაშია აღნიშნული, 2018 წლის 31 დეკემბრისთვის, სს „ქართუ ჯგუფის“ მფლობელები იყვნენ:

  • Krista Investments - 48.324%;
  • Sargans Limited - 45.353%;
  • Tarpan - 1.092%;
  • Agroservice LLC - 4.243%;
  • Interinvest LLC - 0.988%.

თუმცა, საბოლოო მფლობელი, რომელსაც „ქართუ ჯგუფის“ ოპერაციებზე კონტროლი აქვს, უტა ივანიშვილია.

თაია არდოტელი