აშშ-მა Ford Motor-ის, Honda Motor-ის, BMW-სა და Volkswagen-ის წინააღმდეგ  გამოძიება შეწყვიტა

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ შეწყვიტა გამოძიება ოთხი უმსხვილესი საავტომობილო კომპანიის - Ford Motor-ის, Honda Motor-ის, BMW-სა და Volkswagen-ის წინააღმდეგ.

როგორც ცნობილია სამართალდამცავებს ეჭვი ჰქონდათ კარტელურ გარიგებაზე, რომლის თანახმადაც, ისინი ერთმანეთში შეთანხმდნენ ერთიანი სტანდარტის განსაზღვრაზე ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვზე. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.

კომპანიებმა Ford Motor-მა და Honda Motor-მა ძიების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს.

ცნობისთვის, ამ ოთხი საავტომობილო კომპანიის წინააღმდეგ საქმე 2019 წლის სექტემბერში აღიძრა. როგორც მაშინ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერდა, ამერიკის იუსტიციის სამინისტროს იურისტებს სურდათ გაერკვიათ - იყო თუ არა კონკურენციის შესახებ ფედერალური კანონის დარღვევა ოთხ კომპანიას შორის არსებული შეთანხმება კალიფორნიის შტატის ხელისუფლებასთან, რომელიც მათი წარმოების ავტომობილების მიერ ემისიების დონის განსაზღვრას ითვალისწინებდა, ისე რომ, ეს არ იყო შეთახმებული ფედერალურ ხელისუფლებასთან.

როგორც გამოცემა წერდა, კალიფორნიის ხელისუფლება მზად იყო შეემსუბუქებინა ნორმები, თუმცა, არა ისე რადიკალურად, როგორც ამას ტრამპის ადმინისტრაცია სთავაზობდა. საავტომობილო კომპანიებს კი ერთის მხრივ სურდათ ნორმების შემცირება, მეორეს მხრივ კი უნდოდათ თავიდან აერიდებინათ მაღალი ჯარიმები, რომელიც დაეკისრებოდათ ატმოსფეროს დაბინძურების გამო.

კოკა კვირკველია