„ავიამიმოსვლის აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც საქართველოში რუსოფობიური კამპანია შეწყდება"

რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც საქართველოში რუსოფობიური კამპანია შეწყდება და საშიშროება რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების თაობაზე აღარ იქნება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა.

„შეზღუდვების გაუქმებაზე საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ამისთვის აუცილებელი პირობები შეიქმნება. პირველ რიგში, საუბარია საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაციაზე, რუსოფობიის კამპანიის შეწყვეტაზე და მას შემდეგ რაც ჩვენს მოქალაქეებს საფრთხე აღარ დაემუქრებათ“, – განაცხადა რუდენკომ.

შეგახსენებთ, 2019 წლის ივნისში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის თაობაზე.