ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში ინვესტირება ისეთივე უსაფრთხო იქნება, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყნაში

საქართველოში ინვესტირება ისეთივე უსაფრთხო იქნება, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყნაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, საერთაშორისო ეკონომიკური ალიანსის (IEA) მიერ ორგანიზებულ მეშვიდე ყოველწლიურ გლობალურ საინვესტიციო სიმპოზიუმზე Invest in Georgia სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ისეთ ქვეყანას, როგორიც არის საქართველო, შეიძლება ჰქონდეს ყველაზე დაბალი გადასახადები მსოფლიოში და ბიზნესისათვის სხვა წამახალისებელი ფაქტორები, მაგრამ ინვესტორები, ყოველ შემთხვევაში, სასურველი ინვესტორები, არ შევლენ ქვეყანაში, თუ იქ არ სუფევს კანონის უზენაესობა.

"საქართველო არა მხოლოდ ღია, არამედ უსაფრთხოც არის ბიზნესისთვის. თქვენთვის საქართველოში ინვესტირება ისევე უსაფრთხო იქნება, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყნაში. განსხვავება კი მხოლოდ დაბალ ტარიფებსა და გადასახადებში, მარეგულირებელი წესების სიმცირესა და თქვენი ამონაგების დიდ მოცულობაშია. იმედი მაქვს, ჩემს გამოსვლაში სწორედ ეს სიტყვები მიიპყრობს თქვენს ყურადღებას", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის მიზნებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მისი მთავრობის მიზნებია მაკროეკონომიკური სტაბილურობა; ღია და სამართლიანი კონკურენცია ბაზარზე; საკუთრებისა და ინტელექტუალური საკუთრების შესაბამისი დაცვა; დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ხელმისაწვდომობა; ეფექტიანი ფინანსური სისტემები; სტაბილური, პროგნოზირებადი და გამჭვირვალე საკანონმდებლო გარემო.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოში თვალში საცემია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა. "ქვეყანაში ბიზნესისათვის ხელსაყრელი სტრატეგიები, მჭიდრო რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობები და საქართველოს მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე კიდევ უფრო გაააქტიურებს ეკონომიკურ ზრდას და მოიზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს", - განაცხადა პრემიერმა.