გრიგორი კარასინი საქართველოსთან ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას არ გამორიცხავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ფიქრობს, რომ უახლოეს პერსპექტივაში შესაძლოა, საქართველოსთან მიღწეული იქნას მოლაპარაკებები კონკრეტული ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების ამუშავებაზე.

ამის შესახებ გრიგორი კარასინმა მოსკოვში, ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.  მისი თქმით, საბჭოთა კავშირის პერიოდიდან არსებობდა პროექტები გზებთან და გვირაბებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს რუსეთთან დააკავშირებდა.

"ეს პროექტები არ მომკვდარა, ცოცხალია, ჩატარებულია გარკვეული ინჟინრული ექსპერტიზა. ამის განსახორციელებლად რა თქმა უნდა, საჭიროა ინვესტიციები, როგორც რუსული, ასევე ქართული. ჩვენ დაინტერესებული ვართ დავხვეწოთ საგზაო სისტემა. ამით ასევე დაინტერესებულია სომხეთიც, რომლისთვისაც ერთადერთი დამაკავშირებელი სახმელეთო გზა ტვირთვისთვის არის ზემო ლარსი. ამიტომ, თუ ჩვენ შევქმნით ახალ, ალტერნატიულ გზას, ამით მოიგებს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები", - განაცხადა კარასინმა.

მისივე თქმით, იგივე ეხება ენერგეტიკასაც. კარასინის განცხადებით, შესაძლებელია მოხდეს ქართული და რუსული ენერგეტიკული კომპანიების თანამშრომლობა, ასევე შეთანხმებაც და ეს იქნება ორი ქვეყნის ხალხისთვის სარგებლის მომტანი.

კითხვაზე ალტერნატიული გზის პროექტში გულისხმობს თუ არა დაღესტანის მონაკვეთს, კარასინმა აღნიშნა, რომ დაღესტნის გარდა ბევრი პროექტია და ამ შემთხვევაში ის სხვა პროექტზე საუბრობდა.