სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ფერმერებს შეხვდნენ

ქუთაისში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარიანა მორგოშია და "აგროდაზღვევის პროექტის" ხელმძღვანელი ლევან მაღრაძე იმერეთის გუბერნატორს, რეგიონის გამგებელს, სოფლის რწმუნებულებს და ფერმერებს შეხვდნენ.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე აგროდაზღვევის პროგრამა წარადგინეს და პროექტის შესახებ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს და ფერმერებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

აგროდაზღვევის საპილოტე სახელმწიფო პროგრამა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში აგროდაზღვევის სტიმულირების მიზნით, სადაზღვევო პრემიის 70%-დან 95%-მდე თანხას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დააფინანსებს.

აგროდაზღვევის პროგრამაში სულ 5 ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიაა (ჯიპიაი ჰოლდინგი, ალდაგი, აი სი ჯგუფი, ირაო და ქართუ) ჩართული. საშემოდგომო მოსავლის დასაზღვევად, სადაზღვევო კომპანიებმა პროექტში მონაწილე მსურველებისგან განაცხადების მიღება უკვე დაიწყეს.

აგროდაზღვევის საპილოტე პროექტის მიზანია აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება და სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში ფერმერებს საშუალება ეძლევათ დააზღვიონ მოსავალი სეტყვაზე, ჭარბ ნალექზე, ქარიშხალზე, საშემოდგომო ყინვაზე.