ბანკების მიმართ პრეტენზიები 128,5%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს

2019 წელს სებ-ში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 14 529 საჩივარი დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 128,5%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.

2018 წელს ეროვნულ ბანკში შესული საჩივრების ოდენობა 6 358-ს შეადგენდა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ დეკემბერში ბანკების მიმართ 1 677 საჩივარი შევიდა, რაც დაახლოებით 105%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის დეკემბერში ბანკებზე მხოლოდ 817 საჩივარი დაიწერა.

2019 წლის დეკემბერში პრეტენზიების სამეულში შედიან:

  • მიმდინარე ანგარიში - 833 განაცხადი
  • სამომხმარებლო სესხი - 86 განაცხადი
  • ინტერნეტბანკი – 33 განაცხადი

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, დეკემბერში ჯამში შემოსული პრეტენზიების დაახლოებით 80,6% ტრანზაქციებზე მოდის - 1352 განაცხადი, შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 124 განაცხადი, 35 განაცხადით სამეულში მოხვდა მომსახურების საკომისიო.

კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიების რაოდენობის ზრდა მაისიდან შეინიშნება, უკვე სექტემბერ-ოქტომბერში კი თვიურად საჩივრების რაოდენობამ, 2000-ს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება. ცნობისათვის, დღეს საფინანსო ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.

ნინი ქეთელაური