საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უქმდება

საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უქმდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 17 თებერვლის განკარგულებაშია აღნიშნული.

კერძოდ, საუბარია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ჯორჯიან ფაინანშიალ კრედიტ - ჯი ეფ სის-ზე“. განკარგულების თანახმად, გაუქმდა მისი, როგორც მისო-ს რეგისტრაცია და დაიწყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი.

„ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში. ასევე, გაეგზავნოთ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს.

აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში“,- ნათქვამია განკარგულებაში.

2019 წლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რიცხვი თითქმის ყოველთვიურად მცირდება, რაზეც ეროვნული ბანკის სტატისტიკაც მეტყველებს. კერძოდ, როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, თებერვლის მონაცემებით - 63 მისო; მარტ-აპრილში - 61; მაისში კი 58 მისო ფუნქციონირებდა; ივნისში ქვეყანაში უკვე 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, ივლისში - 55; აგვისტოში - 53, სექტემბერში - 52; ოქტომბერში - 50; ნოემბერში - 48; დეკემბერში - 48, 2020 წლის იანვრის მდგომარეობით მათი რიცხვი 46-ს შეადგენს, ხოლო 24 თებერვლის მდგომარეობით 45 ერთეულს, სადაც არ შედის „ჯორჯიან ფაინანშიალ კრედიტ - ჯი ეფ სის“. შედეგად გამოდის, რომ 2019 წლის იანვრიდან დღემდე ბაზარი უკვე 21-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დატოვა.

ნინი ქეთელაური