„გასაკვირი არაა, რომ საქართველომ ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ინდექსში ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია"

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ გასაკვირი არაა საქართველოს მიერ ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ინდექსში ახალი ისტორიული მაქსიმუმის მიღწევა.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, ქვეყნის რეპუტაცია იმაზეა დამოკიდებული, როგორ ვრეაგირებთ საგარეო შოკსა თუ შიდა პრობლემებზე.

„უნდა გამოვიჩინოთ მდგრადობა, ხელოვნურად არ უნდა ჩავერიოთ, ვაცადოთ ეკონომიკას დაკორექტირდეს. მთავარია ხარჯები არ გაგვექცეს, გვქონდეს მცირე დეფიციტი, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო. განვახორციელოთ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ზრდაზეა ორიენტირებული. მაქსიმალურად შევძლოთ, რომ განათლების სისტემაში სერიოზული რეფორმა გავაკეთოთ, ამაზე დიდ საქმეს ვერ ვიზამთ. მარტივად ესაა, ამის გარდა ათასობით პრობლემაა ქვეყანაში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ნდობა და რეპუტაციაა“, -აცხადებს მინისტრი.

ცნობისთვის, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ წარმოებული ინდექსის „თავისუფლების ბარომეტრი - ევროპა 2019“ მიხედვით, საქართველო ევროპაში 27-ე ადგილზე გავიდა და შეფასების 100-ბალიანი სკალიდან 69.06 ქულა მიიღო, რაც ქვეყნის ახალი ისტორიული მაქსიმუმია.