"პირდაპირ გეტყვით, რომ მთავრობა რკინიგზის პრივატიზებას არ გეგმავს"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ „საქართველოს რკინიგზის“ პრივატიზება არ იგეგმება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კონტექსტიდანაა ამოვარდნილი განცხადება, რომ „საქართველოს რკინიგზის“ პრივატიზება იგეგმება.

„პირდაპირ გეტყვით, რომ მთავრობა რკინიგზის პრივატიზებას არ გეგმავს. მსგავსი რამ არ განიხილება. ფინანსთა მინისტრის მხრიდან საუბარი იყო რესტრუქტურიზაციის რეფორმაზე, რომელიც უნდა გატარდეს რკინიგზასთან მიმართებაში, რასაც ითვალისწინებს ევროპული მოდელი, როდესაც ინფრასტრუქტურა ცალკეა გამოყოფილი და სერვისები ცალკე. სწორედ ამაზე იყო საუბარი“, - აღნიშნა თურნავამ.

ცნობისთვის, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020“ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „საქართველოს რკინიგზის“ პრივატიზაცია შესაძლებელია და ამ მიმართულებით მთავრობამ უნდა იფიქროს.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, არსებობს ევროკავშირის საუკეთესო მაგალითები, როდესაც ნიადაგი და ძირითადი ინფრასტრუქტურა რჩება სახელმწიფოს ხელში და გადაზიდვები, მათ შორის „ტრეიდინგი“ არის კომერციალიზირებული. მისივე თქმით, ამ დროს ეფექტურობა როგორც წესი, მეტია ხოლმე.