„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით თქვენ, ფაქტობრივად, ევროკავშირის ერთიანი ბაზრის წევრი დე ფაქტო გახდით"

ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკავშირში საერთო ბაზარია. ამ ხელშეკრულებაში შესვლით, თქვენ ფაქტობრივად, ევროკავშირის ერთიანი ბაზრის დე ფაქტო წევრი გახდით. ეს საქართველოს საშუალებას აძლევს, გაზარდოს ექსპორტი, რაც ეკონომიკისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი პოზიტიური ბიძგია და მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, - ამის შესახებ ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორმა და პოლონეთის ყოფილმა ვიცე პრემიერმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

ღონისძიების პანელური სესიის ფარგლებში დასმულ შეკითხვაზე, თუ როგორია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ბაზრის რეგულირების კუთხით და რა უნდა გააკეთოს საქართველომ საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის გასაზრდელად, ბალცეროვიჩი პასუხობს, რომ ქვეყანა ფრთხილი უნდა იყოს ევროპული რეგულაციების თვალსაზრისით.

„პოლონური გამოცდილებიდან მახსოვს, რომ როდესაც ვიღებდით ევროპული რეგულაციების მოთხოვნებს, ზოგიერთი სამინისტრო ზედმეტის გაკეთებას ცდილობდა. აქ უნდა ვიყოთ ფრთხილად, გააკეთეთ ის რაც რეალურად საჭიროა და მეტი არა“, - აცხადებს ბალცეროვიჩი.

სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, პროფესორმა ეკონომიკური ზრდის ძირითად წინაპირობად ხანგრძლივი მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება დაასახელა და ის ფუნდამენტური საკითხები გამოყო, რაც ქვეყანას ეკონომიკური წარმატების მისაღწევად ესაჭიროება.

„ეკონომიკური ზრდის ძირითადი წინაპირობა ხანგრძლივი მაკროეკონომიკური სტაბილურობაა, რადგან, ეს საშუალებას აძლევს ქვეყანას, თავი აარიდოს სწრაფ ვარდნას და ზრდას, ფისკალურ ბუმს როგორც ეს საბერძნეთშია, ასევე საკრედიტო ბუმს - ეს ძვირი ჯდება, როგორც ესპანეთის ან ირლანდიის გამოცდილებამ გვაჩვენა. ასე, რომ მრავალი ქვეყნის გამოცდილების მაგალითზე, ძალიან მნიშვნელოვანია სამი ფუნდამენტური საკითხი: პირველი: თავისუფალი ბაზარი, ღია ეკონომიკა, საბაზრო ეკონომიკა, ინტენსიური კონკურენცია, მეორე: კანონის უზენაესობა, რაც პრაქტიკაში ნიშნავს, რომ ისეთი ინსტიტუციები, როგორიცაა პროკურატურა, პოლიცია, მოსამართლეები უნდა იყვნენ პროფესიონალები და დამოუკიდებელი ყველა პოლიტიკური ან ბიზნეს ძალისგან. მესამე: მცირე, კომპეტენტური და პატიოსანი ადმინისტრაციები“, - აღნიშნა პოლონეთის ყოფილმა ვიცე პრემიერმა, რომლის განცხადებასაც ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.