„ასეთ ვითარებაში რკინიგზის გაყიდვა ნიშნავს, რომ ვიღაცისთვის ამზადებენ მას“ - ვის ინტერესშია ობიექტის პრივატიზაცია

„ასეთ ვითარებაში რკინიგზის გაყიდვა ნიშნავს, რომ ვიღაცისთვის ამზადებენ მას“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე, რკინიგზის შესაძლო პრივატიზაციის საკითხს.

როგორც მან "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, დღეს სახელმწიფო საკუთრებაში სამი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია, რომელთა გასხვისება ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის ინტერესში შედის.

„ძალიან უდროო დროს მოხდა ამ საკითხის წამოწევა. კი ბატონო, თუ უცხოეთში კერძოა, რატომ არ უნდა იყოს აქ. ბუნებრივია, პრივატიზაციას ვერავინ ასწავლის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას და ალბათ, მსოფლოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მასობრივი პრივატიზაცია მოხდა. დღეს სახელმწიფოს რა აქტივებიც ხელში დარჩა, ეს არის რკინიგზა, ენგურის ჰიდროელექტროსადგური და მაგისტრალური გაზსადენი, რომელიც რუსეთს აკავშირებს სომხეთთან.

ენგურის ჰიდროელექტროსადგური არ გაიყიდა იმიტომ, რომ კაშხალი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა და მთავარი აგრეგატი აფხაზების მიერ კონტროლირებადზე. შესაბამისად, უაზრო იქნებოდა მისი გაყიდვა. მაგისტრალური გაზსადენი არ გაიყიდა, რადგან მასზე რუსეთი დაამყარებდა კონტროლს და არ გაიყიდა რკინიგზა იმიტომ, რომ მთელი ამიერკავკასიის რკინიგზა იყიდა რუსეთმა. შესაბამისად, ახლა ერთი სული აქვს, როგორმე ხელში ჩაიგდოს ჩვენი რკინიგზა, პირდაპირი ან ირიბი გზით.

ასეთ ვითარებაში რკინიგზის გაყიდვა ნიშნავს, რომ ვიღაცისთვის ამზადებენ მას. ჯერ გამოწურეს ლიმონივით, თითქმის, განახევრდა ტვირთბრუნვა, რამდენჯერმე იყო ზარალიანი, აქვს დავალიანება და მისი კაპიტალიზაცია დასულია უკიდურესად დაბალ ნიშნულამდე. ახლა კი, ჩალის ფასად ვიღაცას მოუნდა რკინიგზის ხელში ჩაგდება. მხოლოდ ასე შეიძლება განიმარტოს ამ საკითხის წამოწევა. თორემ, რკინიგზის გაყიდვა რა პრობლემაა, თუ მას ეყოლება კარგი დასავლელი ინვესტორი. ან თუნდაც, იმ სქემით, რაზეც მინისტრი საუბრობდა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში იყოს რელსები და მიმავალი შემადგენლობა გასხვისდეს. კი ბატონო, ამაში პრობლემა არ არის. თუმცა, ამის უკან რა იმალება და რატომ გაააქტიურეს ეს საუბარი, არავინ იცის“,- ამბობს რომან გოცირიძე.

კითხვაზე, ვის ინტერესში შეიძლება იყოს რკინიგზის გაყიდვა, რომან გოცირიძის განმარტებით, ყველა გზა რუსეთამდე მიდის.

„დღეს რკინიგზას თუ ღია აუქციონზე გაიტანენ, მისი ყიდვა შეუძლია რუსეთს, ნებისმიერ ფასად. ან, შეიძლება, იყიდოს ივანიშვილმა და ხვალ გადაყიდოს რუსებზე“,- აღნიშნავს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ რკინიგზის გასხვისებაზე დღეს ფინანსთა მინისტრმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე“ ისაუბრა. მისი თქმით, რკინიგზის პრივატიზაციაზე ფიქრი შეიძლება.

მინისტრმა რამდენიმე მაგალითი დაასახელა, კერძოდ, დენი, გაზი, წყალი და ინტერნეტი, რომელიც მომხმარებლებს კერძო კომპანიების მიერ მიეწოდება. შესაბამისად, ივანე მაჭავარიანისთვის გაუგებარია, რატომ არის რკინიგზა სტრატეგიულად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე დასახელებული კომუნალური მომსახურება.

ნინი ქეთელაური