რისი გაკეთება იგეგმება გლდანის პატარა ტბის მიმდებარედ

გლდანის პატარა ტბის მიმდებარედ პარკის მოწყობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 7 მარტს დაიწყება და 12 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 155 900 ლარია.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, პარკი რეკრეაციული თვალსაზრისით ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო უნდა იყოს.

„პარკი გამწვანებით, ხედებით, მასალების ფაქტურით, ფორმებით, ფერებით, ფურნიტურით, საინფორმაციო დაფებითა და ამკრძალავი ნიშნებით პოზიტიურ გავლენას უნდა ახდენდეს ვიზიტორთა განწყობაზე. სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. უნდა მოეწყოს ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმული საგამოფენო სივრცე, რომლის კინოჩვენებისთვის გამოყენება იქნება პერიოდულად შესაძლებელი. ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს უფასო უსადენო ინტერნეტით.

ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს მცირე ზომის მედიათეკა. სადაც ეს შესაძლებელია, პარკი უნდა შემოისაზღვროს მწვანე ცოცხალი ღობით, მოეწყოს ორი ცენტრალური შესასვლელი. პარკში სასურველია არსებობდეს საბავშვო მოედანი, ცხოველებისთვის განკუთვნილი და სპორტულგამაჯანსაღებელი სივრცეები. ტბას ნახევარრკალისებურად უნდა გასდევდეს ველო და საფეხმავლო ბილიკი (რომელიც ორ ზოლად იქნება გაყოფილი ფეხით მოსიარულეთათვის და ვილოსიპედებისთვის) მის მთელ გაყოლებაზე განთავსდეს სახასიათო, ორიგინალური დიზაინის სკამები და ურნები. ტბაზე უნდა გადიოდეს ორიგინალური დიზაინის პირსი, რომელიც მოწყობილი იქნება ფრინველებსა და გარემოზე დასაკვირვებლად. (აუცილებელია ბავშვებისა და მოზრდილებისათვის უსაფრთხოების ზომების გათვალისწინება, რათა პირსიდან გადმოვარდნა იყოს აღკვეთილი),“-ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.

თაია არდოტელი