ბოლო პერიოდში საქართველოში განსაკუთრებით გახშირდა კომპიუტერული დანაშაული. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში 2018 წელთან შედარებით, კომპიუტერული დანაშაული თითქმის 83%-ით გაიზარდა.
ამ მხრივ რთული ვითარებაა საბანკო სექტორშიც - უამრავი მომხმარებელი ჩივის, რომ "ჰაკერებმა" ანგარიშიდან თანხა ჩამოაჭრეს, რაზეც პასუხისმგებლობას არავინ იღებს.
AMBEBI.GE შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და კომპიუტერულ დანაშაულთან დაკავშირებით, მკითხველისთვის საინტერესო კითხვებით მიმართა:
- რა ითვლება კომპიუტერულ დანაშაულად და ძირითადად რა ტიპის შემთხვევებზე მომართავენ შსს-ს მოქალაქეები?
- კომპიუტერული დანაშაული, ანუ კიბერდანაშაული წარმოადგენს ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ჩადენილია კომპიუტერული სისტემის გამოყენებით კიბერსივრცეში, რომელიც ხელყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებასა და ინფორმაციის დაცულობას.
მაგრამ ასევე არსებობს კიბერ-მეთოდებით ჩადენილი დანაშაული, რა დროსაც დანაშაულის ჩამდენი არ ჩადის კიბერდანაშაულს, არამედ სხვა სახის დანაშაულს (მაგალითად: თაღლითობა, გამოძალვა და ა.შ.) და კომუნიკაციის მეთოდად იყენებს ინტერნეტს (კიბერსივრცეს).
- კომპიუტერული დანაშაულები 2019 წელს თითქმის 83%-ით არის გაზრდილი. რას უკავშირდება ასეთი ზრდა?
- არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში კიბერდანაშაული იზრდება, ვინაიდან ხდება ტექნოლოგიების განვითარება და ამა თუ იმ დანაშაულის ჩადენა კიბერ მეთოდით უფრო ადვილი გახდა.
სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლებას არ ახასიათებს "კიბერ ჰიგიენის" უნარები, ანუ მოსახლეობა ბოლომდე არ არის გათვითცნობიერებული, თუ რა საფრთხე შეიძლება მოჰყვეს პირად კომპიუტერულ მონაცემებთან დაუდევრად მოპყრობას, რაც 70%-ით უმარტივებს დამნაშავეს დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებას.
რაც შეეხება დანაშაულის გახსნას, კიბერდანაშაული მისი შემადგენლობით რადიკალურად განსხვავდება ყველა სხვა ტიპის დანაშაულისგან, რასაც სჭირდება კომლექსური საგამოძიებო მოქმედებები, ასევე ხშირ შემთხვევაში დანაშაულის კვალი სცილდება საქართველოს ტერიტორიას და უცხოეთიდან ინფორმაციის მიღებას სჭირდება გარკვეული დრო, რაც დანაშაულის დროულად გახსნაში ხელის შემშლელი ფაქტორია. შესაბამისად, გახსნის მაჩვენებელი დროში არის გაწელილი.
- როგორ იხსნება სხვადასხვა ტიპის კომპიუტერული დანაშაული?
- დღეის მდგომარეობით შს სამინისტროს შეხება უწევს სხვადასხვა სახის კიბერდანაშაულთან და თითოეული მათგანი სხვადასხვა სირთულის გამოსაძიებელია, რის გამოც მათ გამოძიებას ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მიდგომა სჭირდება.
- ბოლო პერიოდში საკმაოდ არის გახშირებული კიბერთაღლითობის გზით საბანკო ბარათებიდან თანხის ჩამოჭრის შემთხვევები. როგორ ხდება ამ ტიპის დანაშაულის გამოძიება და როგორ შეიძლება მისგან თავის დაცვა?
- საქართველოში გავრცელებული ე.წ. "კიბერთაღლითობის" ჩადენის ორი მეთოდი არსებობს - "ფიშინგი" და "ქარდინგი".