Burger King-ის ახალ რეკლამაში დაობებული საკვები გამოჩნდა

ცნობილმა ამერიკულმა რესტორანთა ქსელმა Burger King-მა ახალი სარეკლამო კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ბეჭდურ მედიასა და ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულ რეკლამებში დაობებული ბურგერებია წარმოდგენილი.

CNN-ის ინფორმაციით, კამპანიის მიზანს საზოგადოებისთვის ახალი მესიჯის მიწოდება წარმოადგენს - ამიერიდან Burger King ხელოვნური დანამატების გამოყენებას წყვეტს, რის გამოც საკვები დიდხანს აღარ ინახება და ძველდება. შესაბამისად, დაძველებულ საკვებს Burger King-ის რესტორნებში აღარ იყენებენ.

მედიის ინფორმაციით, დანამატები უკვე ამოიღეს აშშ-ში არსებული 400-მდე რესტორნიდან. მომავალში კი მსგავსი ცვლილება რესტორნების ქსელის თითოეულ ფილიალშია დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ McDonald's-თან და Wendy's-სთან ერთად Burger King აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სწრაფი კვების რესტორანს წარმოადგენს.

Burger King-ს რესტორნების ქსელი მსოფლიოს 91 ქვეყანაში ფუნქციონირებს, მხოლოდ შეერთებულ შტატებში მათ 7 346 ფილიალი აქვთ.

ბექა ბერიაშვილი