“ტავ ჯორჯია” ავიაკომპანია „გლობუსთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს

თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია - „ტავ ჯორჯია“ მოლაპარაკებებს რუსულ ავიაკომპანია „გლობუსთან“ აწარმოებს.

ამის შესახებ ინფორმაციიას ”ტავ ჯორჯია” ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, რუსული ავიაკომპანია „გლობუსი“, მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენების დაწყებას 2 ნოემბრიდან კვირაში სამჯერ, ორშაბათს, პარასკევს და კვირას გეგმავს. რეისები ბოინგ 737 ტიპის ხომალდით შესრულდება.

ავიაკომპანია „გლობუსი“ რუსული „S 7“ - ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2008 წლიდან ფუნქციონირებს. ავიაკომპანია ფრენებს რუსეთის, ყოფილი დსთ-ს და ევროპის ქვეყნების მიმართულებით ასრულებს. ამჟამად, „გლობუსის“ ავიაპარკი 13 სხვადასხვა მოდიფიაკციის ბოინგ 737 - ის ბორტისგან შედგება.

რაც შეეხება “ტავ ჯორჯიას”, ის  TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება.